Accessibility links

ილია ჯიშკარიანი: ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე


თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი „ტვ პირველის“ ეთერში ჩაერთო „ნიუ ჰოსპიტალსიდან“.

„ინტერვიუს დავთანხმდი იმიტომ, რომ ჩემი მოსახლეობა, ჩემი ამომრჩეველი, ჩემი დედა და ჩემი მამა ელოდებიან ჩემს განმარტებას“, - ამბობს ილია ჯიშკარიანი და დეტალების შესახებ საუბარს სასამართლო პროცესზე გეგმავს.

ჯიშკარიანის მტკიცებით, შეთხზულია ყველაფერი, რაც თამთა თოდაძემ ილაპარაკა.

„სპეციალურად არის მიმართული დისკრედიტაციისკენ, სახელის გატეხვისკენ. მე თუ ავტორიტეტი გამიფუჭდება, რა თქმა უნდა, ამით ზიანი მიადგება პოლიტიკურ პარტიას. მიმიხვდება ჩემი მაყურებელი, ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს, ჩემს ბუნებას და ადამიანობას ვინც იცნობს, ყველა მიმიხვდება, რომ 54 წელი ვემსახურე იმას, რომ ვინმეს საყვედური არ ეთქვა. ექიმების დახმარებით მე მოვძლიერდები, ავდგები, დავდგები ფეხზე და მე ამას გავუმკლავდები“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

საკრებულოს წევრი ჰყვება, რა მოტივი ამოძრავებდა თამთა თოდაძეს.

„ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ჩემთან პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა და არ ვიცნობდი. 3 წელია ჩემთან მუშაობს. მის მოვალეობაში ადამიანების მიღება და გასტუმრება შედიოდა და მას უცებ ამბიცია გაუჩნდა. მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა თავს ლაფი დამასხას“, - თქვა ილია ჯიშკარიანმა.

შეკითხვაზე, რატომ აქვს ქალს დაზიანებები? ჯიშკარიანი პასუხობს: „ვერ გეტყვით“.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG