Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი: ტრამპს „ყალბი განცხადებების“ საფუძველზე სურდა თანამდებობიდან მისი განთავისუფლება


აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი 11 ოქტომბრებს წარდგა დახურულ მოსმენებზე კონგრესში. მოსმენის ორგანიზატორები არიან საგარეო საქმეთა და დაზვერვის და მეთვალყურეობის კომიტეტები.

იოვანოვიჩმა ჩვენება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის ჩარჩოებში მისცა. ყოფილმა ელჩმა, გავრცელებული ცნობებით, ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენდა სახელმწიფო დეპარტამენტზე, გაეთავისუფლებინათ ის თანამდებობიდან, რისი საფუძველიც, დიპლომატის თქმით, „დაუდასტურებელი და ყალბი განცხადებები“ იყო. მისი განცხადებით, რომელსაც მედია ავრცელებს, ის „მოულოდნელად“ გაიწვიეს მაისში და უთხრეს, რომ მის მიმართ პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა.


როგორც უკრაინის პრეზიდენტთან ტრამპის ივლისის სატელეფონო საუბრის თეთრი სახლის მიერ გავრცელებული მოკლე შინაარსიდან ჩანს, ტრამპმა იოვანოვიჩზე თქვა, რომ ის არის„ცუდი "ახალი ამბავი" და მათაც, ვინც მის გარშემო არიან უკრაინაში, ასევე ცუდი "ახალი ამბავი"“ უწოდა. ზელენსკი დაეთანხმა მას და თქვა, რომ ის „ცუდი ელჩია“.

იოვანოვიჩმა მოსმენებზე ასევე თქვა, რომ ოფიციალურმა პირმა მას განუცხადა, რომ იმართებოდა „მომზადებული კამპანია ჩემს საწინააღმდეგოდ“, და რომ ტრამპი თითქმის ერთი წელიწადი ახდენდა ზეწოლას, იოვანოვიჩის განთავისუფლების მოთხოვნით.

11 ოქტომბერს კონგრესში მისლამდე არ იყო ცხადი, წარდგებოდა თუ არა ყოფილი ელჩი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე.

დემოკრატიული პარტიის წევრები აკირიტიკებენ ტრამპს იმის გამო, რომ ის შეეცადა უცხოეთიდან მიეღო დახმარება, რათა გამკლავებოდა თავის პოლიტიკურ მეტოქეს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატ, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, რომლის ვაჟი უკრაინის ბიზნესთან იყო დაკავშირებული. ამის თაობაზე საჩივარი შეიტანა შეშფოთებულმა ანონიმმა ინფორმატორმა და გაამჟღავნა პირველად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვლადიმერ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის ის მონაკვეთი, რომელშიც ტრამპი ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ.

ტრამპი უარყოფს, რომ არასწორად მოიქცა და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მცდელობას უწოდებს „უდიდეს სიცრუეს ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG