Accessibility links

საფრანგეთი და არაბთა ლიგა აცხადებენ, რომ სირიაში თურქეთის შეტევამ შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოს" შეუწყოს ხელი


საფრანგეთმა და არაბთა ლიგამ თურქეთს მოუწოდეს, შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ამ ოპერაციას, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინება მოჰყვეს.

მაკრონი ამ განცხადებით გამოვიდა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი 12 ოქტომბერს.

მაკრონი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინების არდაშვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ საჭიროა ქურთთა ძალების მხარდაჭერა, რომლებმაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას დახმარება აღმოუჩინეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებისგან სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაბრუნებაში.

განცხადებაში ნათქვამი არ არის, მოუწოდა თუ არა მაკრონმა აშშ-ის ძალებს ჩარევისკენ. რეგიონიდან გასვლის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა თურქეთის შეტევას ქურთთა ძალებზე სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. თურქეთი ამ ძალებს საფრთხედ აღიქვამს. 12 ოქტომბერი ანკარის ოპერაციის მეოთხე დღეა.

არაბთა ლიგის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს თურქეთს მოუწოდა, დაასრულოს სამხედრო ოპერაცია და გაიყვანოს ძალები სირიიდან. აჰმედ აბულ ღეიტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეტევამ გამოიწვია ლტოლვილთა ახალი ტალღა და ის ძირს უთხრის "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში არსებულ მიღწევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG