Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯი: ვითარება უცვლელია, გზა ისევ ჩაკეტილია


დავით გარეჯის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა არც სასულიერო პირებისთვის გახსნილა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა. მისი განმარტებით, 11 ოქტომბერს ასვლა მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე იყო შესაძლებელი და არავის უშვებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ.

ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, სცადეს თუ არა მონასტრებამდე ასვლა სასულიერო პირებმა 12 ოქტომბერსაც. თუმცა მას არ სმენია ახალი ინფორმაცია გზის გახსნის შესახებ. ამასთან, როგორც ადგილობრივი გიდი ამბობს, ბერებმა მრევლის დალოდების გადაწყვეტილება მიიღეს.

„11 ოქტომბერს სასულიერო პირებისთვის მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე მისვლა იყო შესაძლებელი. უდაბნოს მონასტერში ასვლა უნდოდა მამა პავლეს, მაგრამ არ გაატარეს. აღდგომის ტაძართან ძალიან ახლოს არის უდაბნოს მონასტერი, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქით არავის ატარებდნენ... სასულიერო პირებმა განაცხადეს, ვიდრე მრევლს არ გაატარებენ, არც ჩვენ ავალთო“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

ბერი დაელოდება ერს - მრევლსა და ტურისტებს, - ამ შინაარსის განცხადება არქიმანდრიტმა კირიონმა მედიასთან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. რადიო თავისუფლება შეეცადა, დაეზუსტებინა, ხომ არ შეცვლილა ეს გადაწყვეტილება? თუმცა არქიმანდრიტ კირიონთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ 10 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა 11 ოქტომბრიდან ჯერ მხოლოდ სასულიერო პირებისთვის უნდა გახსნილიყო. ეს განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აზერბაიჯანში თავისი ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა იმედი, რომ სასულიერო პირების დაშვების შემდეგ, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწევდა წინ. თუმცა არ დაკონკრეტებულა, როდის მისცემს ბაქო უფლებას მომლოცველებსა და ტურისტებს - მოინახულონ აღდგომისა და ჩიჩხიტურის მონასტრები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

XS
SM
MD
LG