Accessibility links

დავით ბაქრაძე: მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ, გვესმის ტალახის სროლა


დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, რომ სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლას იღებენ. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არცერთ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება არ არის:

„როგორც ჩანს, ეს განცხადებები გამოწვეული იყო გიგა ბოკერიას კრიტიკით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და შინაარსიანი კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ტალახის სროლა და უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენს პოზიციას – ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა, რადგან ოპოზიციის ერთიანობა იქნება გადამწყვეტი დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაში, ამიტომ ჩვენი ამოცანა არანაირად არ არის დაპირისპირება არცერთ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვსაუბრობთ ივანიშვილის ინტერესსა და თამაშზე, ივანიშვილის ინტერესი და თამაში, პირველ რიგში, არის ის, რომ გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში დღეს არის ორი არჩევანი, ივანიშვილი ან სააკაშვილი. ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს ივანიშვილი მოგებას, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი. ამ სპექტრში გამორჩეული ადგილით არის „ევროპული საქართველო“. ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, ტალახის სროლისა და ბრალდებების მაგივრად, ნუ დავწვავთ ხიდებს და ვიმუშაოთ, რათა 2020-ში შესაძლებელი იყოს ფართო ოპოზიციური კოალიციური ხელისუფლების შექმნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის, საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მიულოცა:

„ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე, მალე საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. მანამდე კი ამავე პოსტში ამბობს, რომ „თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველა მინუს მიშა“, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG