Accessibility links

ნიკა მელია: შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა


„ევროპული საქართველო“ ცდილობს, მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, – ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების შეცვლას საქართველოში არ უნდა მოჰყვეს შურისძიება.

„ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ“, - წერს ნიკა მელია.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში. თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები”, – წერს ნიკა მელია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ წინააღმდეგია ლოზუნგისა „ივანიშვილი ციხეში“, მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა იავნიშვილის ბედი თავად მისი გადასაწყვეტი იქნება. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივად არავინ უნდა იდევნებოდეს.

„სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG