Accessibility links

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ეწურება


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ, 15 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კონსორციუმმა უნდა წარადგინოს მის მიერ კაპიტალის სრულად შევსების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი და არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება. დავით ჯავახაძის თანახმად, ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით უკვე კომისია შეიკრიბება:

„თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი“, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიასთან განმარტა, რომ მთავრობასთან პროექტის „წინ წაწევის“ კონკრეტული წინადადებები კონსორციუმს წარდგენილი აქვს და ეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომასაც ითვალისწინებს. მისივე თქმით, ბურთი მთავრობის მხარესაა და კონსორციუმი შესაბამის რეაგირებას ელოდება:

„ჩვენგან აბსოლუტური მზაობაა, რომ ყველა საკითხი, ინვესტორებთან მიმართებაში თუ სხვა, მოგვარდეს უახლოეს პერიოდში, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შემადგენლობიდან ამერიკული „კონტი ჯგუფი“ გავიდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა ორი პოტენციური ინვესტორი წარადგინა - ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG