Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე: როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ლიბერალიზმიც


ლევან ვასაძე
ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეროვნული პოლიტიკა გაატარონ ყველა სფეროში და ლიბერალიზმი მარგინალურ, აკრძალულ იდეოლოგიად გამოაცხადონ: „აი, როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმიც“, - ამბობს ლევან ვასაძე.

„ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, - სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიაზე გვისაუბრია, საგანმანათლებლოზე, სამხედროზე, - გადასაყვანი არის საჩქაროდ ეროვნულ-კონსერვატიულ ლიანდაგებზე. ხო ხედავთ აგერ პირწავარდნილი, უცინიკურესი, უნამუსოზე უნამუსო ლიბერალები იჩემებენ მაგარი ოჯახებიდან გამოსვლას და კონსერვატიული ფასეულობების ტარებას და თქვენ რაღა დაგემართათ?

აღარ დარჩა დრო ამ ლიბერალური ტიტყნაობისთვის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები ჩვენს სახელმწიფოში, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ამ ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით... ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა... ბიძინას მივმართავ, ჩვენს მთავრობას მივმართავ, რომლებსაც ღმერთმა თქვენ ჩაგაბარათ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მოვლა, ძალიან ცოტა დრო დარჩა.

მე პირადად, ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან. სასაცილოდაც აღარ ღირს“, - აღნიშნავს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენი მთავრობას მოუწოდებს, მიხედოს ეკონომიკას, ხალხის დასაქმებას და, რაც მთავარია, ეროვნულ იდეოლოგიას. იგი ხელისუფლებას საყვედურობს იმის გამო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი პრიორიტეტი არ არის:

თქვე კაი ხალხო, შეიძლება ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკოსები იყოთ და წლები ისე გადიოდეს, რომ ერთ კრინტს არ ძრავდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესახებ?... როგორ შეიძლება, ქვეყანა გებაროთ და არ ამბობდეთ დილიდან საღამომდე, რომ თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა? რომ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ერის მთავარი ორიენტაცია არის გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალი.

თუ როგორ, ეს მეორე საკითხია. ომით? ვიომოთ! მშვიდობით? ვილაპარაკოთ! დიპლომატიით? რითიც შეგიძლიათ, რითიც გინდათ. უფრო სწორად ორივეთი, ორივე გზით. ომისთვის, რუსეთს ჩვენ ვერ მოვერევით, მაგრამ სულ სხვა სამხედრო პოლიტიკაა საწარმოებელი, სხვანაირი ჯარი, სულ სხვანაირი მობილიზაცია, ორიენტაცია, ჩვენი ქვეყნის შეკვრა ერთ მუშტად და ამავე დროს, რა თქმა უნდა, დიპლომატია და პირდაპირი საუბარი ყოველგვარი ამ შუამავლების გარეშე“, - ამბობს ლევან ვასაძე და საქართველოს მთავრობას ურჩევს, უარი თქვას ევროპისკენ სწრაფვაზე: „არც რუსეთისკენ სწრაფვა, არსად სწრაფვა, რეალური პოლიტიკა. ორი ფეხით ვდგავართ მიწაზე, ვართ კავკასიის ცენტრი“, - აღნიშნავს ბიზნესმენი. უმოქმედობისა და არაეფექტურობისთვის „ქართულ ოცნებას“ იგი სახელის შეცვლას და „ქართული სინამდვილის“, ან „ქართული სიფხიზლის“ დარქმევას ურჩევს.

ლევან ვასაძის ვიდემიმართვა მთავრობის წევრებისადმი 40 წუთს გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG