Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს დებატებში იწვევს


თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დებატებში იწვევს დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს.

„დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ - ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა“, - წერს მარიამ კუბლაშვილი.

დეპუტატის ყოფილი თანაშემწე თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად ცნო 8 ოქტომბერს, 8-დღიანი ლოდინის შემდეგ. რვა დღის თავზე წარუდგინეს ბრალი ილია ჯიშკარიანსაც, რომელიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი შოკისმომგვრელი იყო.

ილია ჯიშკარიანს ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG