Accessibility links

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადებებს უარყოფს


ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა უწოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებებს.

„დიახ, 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩვენ ნამდვილად მივიღეთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, თუმცა, ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებს ან კონკრეტულ ხედვებს და მისი შინაარსი, სამწუხაროდ, სრულად განსხვავდება გუშინ, კონსორციუმის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებული შინაარსისგან“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონფიდენციალურობის მუხლზე მითითებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან შეზღუდული აქვთ წერილის შინაარსზე საჯაროდ საუბარი, ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კონსორციუმს მოუწოდებენ, წერილი თავად გაასაჯაროოს.

„მე არ ვარ იურისტი, მაგრამ როგორც მოქალაქე და მთავრობის წევრი ვარ დარწმუნებული, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საჯარო ინტერესი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სახელშეკრულებო ნორმა. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, დღემდე ამ დამოკიდებულებით ვმოქმედებდით და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და გამჭვირვალობით ვეკიდებოდით ამ საკითხს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ცქიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG