Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს


თურქეთი მიზნის მიღწევამდე არ აპირებს სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას - ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა.

თურქული მედიასაშუალებებით 15 ოქტომბერს, ღამით გავრცელებული ცნობებით, ბაქოში, თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სხდომის შემდეგ თურქეთისკენ მიმავალმა ერდოანმა თვითმფრინავში ჟურნალისტებს უამბო აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარზე. ერდოანის ინფორმაციით, მან ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოაცხადებს და არასდროს დათანხმდება ტერორისტებთან მოლაპარაკებას. ერდოანის განცხადებით, თურქეთს სანქციების არ ეშინია.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა კი, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს და თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.

აშშ თურქეთისგან მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა ტრამპი დაადანაშაულეს ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერებმა "სირიის დემოკრატიული ძალებიდან" მოლაპარაკება გამართეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, პრეზიდენტ ასადის მთავრობასთან, რომელსაც მანამდე მოწინააღმდეგედ თვლიდნენ. 14 ოქტომბერს, ასადის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ძალები გაგზავნა თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად.

15 აგვისტოს სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ ქალაქ მანბიჯში, რომელიც მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG