Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსობის კანდიდატის მოსმენა უნდა შეწყდეს


პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა
პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა უნდა შეწყვიტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა.

„საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ კანონის მოთხოვნა ორწლიან სტაჟთან დაკავშირებით, არ აქვს ბატონ ლილუაშვილს შესრულებული“, - თქვა თინა ბოკუჩავამ 16 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი მთავრობამ უკვე განმარტა. „რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატურა და მისი სამუშაო გამოცდილება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“, - თქვა თალაკვაძემ. მან ბოკუჩავას და სხვა დაინტერესებულ დეპუტატებს მიმართა, დაესწრონ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომას და ინფორმაცია თავად კანადიდატთან გადაამოწმონ.

15 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება, რომლის თანახმად: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართლდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სამუშაო სტაჟის ნაწილში. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდა, გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა თანამდებობებს კანონით სამართალდამცავი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანოებში (საბაჟო ორგანოები). შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 16 ოქტომბერს, დილის 10 საათზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა. საკომიტეტო მოსმენა 15 საათისთვის უნდა გაგრძელდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებსა და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წლის დეკემბერში დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG