Accessibility links

ბათუმის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში რჩება


ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

სასამართლომ უარი თქვა, წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა კიდევ ორი ბრალდებულისთვის, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, არჩილ ვანაძისა და ეგარსლან ლომაძისთვის. ადვოკატები 100-100 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა გიორგი ერმაკოვის ოჯახსა და ბათუმის მოქმედ მერს, ლაშა კომახიძეს შორის 7 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება. ყოფილი მერის ოჯახი მზად არის, ერმაკოვისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკუთარი ქონების საფასური, 384 ათასი ლარი გადაიხადოს ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად.

პროკურატურის პოზიცია ის იყო, რომ შეთავაზებული ქონების საფასურსა და სახელმწიფო ბუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს - 1 370 000 ლარს შორის დიდი განსხვავებაა, მერიასთან შეთანხმება კი ახალი არსებითი გარემოება არ არის და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ იქნება. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ბათუმის მოქმედ მერს, ლაშა კომახიძეს ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლება საკრებულოს თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. ამ არგუმენტს არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი იყო 2014-2017 წლებში. ერმაკოვი და ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის კიდევ 6 ყოფილი მაღალჩინოსანი 2019 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში, სოციალური პროექტის, „იაფი სახლის“ განსახორციელებლად 2015 წელს ჩატარებულ ტენდერს, რომლის შედეგად, ბიუჯეტიდან გაიფლანგა 1 370 000 ლარი.

7 ბრალდებულიდან წინასწარ პატიმრობაში 3 რჩება. 24 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ბაგრატ მანველიძეს, ბაგრატ ხალვაშს, თენგიზ პეტრიძეს და ვლადიმერ ხინთიბიძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG