Accessibility links

თეა წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურას ვესტუმრებოდი


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიუხედავად ვალდებულების არარსებობისა, უნდა მივიდეს, თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეს იძიებს.

„მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“, - თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით: „ზოგადად, ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, ხუმრობა იქით იყოს, ყველას უნდა გვესმოდეს - მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული, თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულს ჩადენას“.

თეა წულუკიანის თქმით, როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს შეკითხვები, კანონით ყველას ვალია, რომ პასუხი გასცეს: „ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ პოზიციას ამ ქვეყანაში იზიარებს".

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG