Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა


85 მომხრე, 8 წინააღმდეგი ხმათა ამ თანაფარდობით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტმა თანამდებობაზე დაამტკიცა. სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას პარლამენტის სხდომაზე განხილვის გარეშე უყრეს კენჭი. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კომიტეტზე ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვები და შესაბამისად, სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატისგანკომიტეტმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„ვფიქრობ, მაქსიმალურად ამოვწურეთ ის საჭიროება, რომ კანდიდატისგან მიგვეღო ინფორმაცია, როგორც მისი პროფესიული შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის წინაშე დამდგარი უსაფრთხოების ამოცანებისა და მიზნებთან დაკავშირებთ. მან ასევე კარგად წარმოაჩინა ყველა საკითხი. შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე კენჭი ვუყარეთ, რომ საკითხი კენჭისყრაზე სესიაზე განხილვის გარეშე დადგეს. გთხოვთ ბიუროს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროთ. კომიტეტმა ამ ფორმულირებით მხარი დაუჭირა შესაბამის დასკვნას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

განხილვის გარეშე კენჭისყრის წინააღმდეგი იყო „ევროპული საქართველო“, დეპუტატი გიორგი კანდელაკი, კენჭისყრამდე აცხადებდა, რომ უსამართლობა იქნება, თუკი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საშუალება არ ექნებათ, გრიგოლ ლილუაშვილს კითხვები დაუსვან.

„პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თუნდაც კომიტეტის ოთახის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, რომ დასწრებოდა ამ სხდომას და კითხვები დაესვა. ბევრი კითხვა კვლავ არსებობს, ვფიქრობ, საზოგადოებაში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუ პლენარულ სხდომაზე თუნდაც შეზღუდული დროით იქნება შეუძლებელი კითხვების დასმა. ლილუაშვილი უკვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო კომიტეტის სხდომაზე ჩაყენებული. მას მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეგროვებინა 50 კითხვა, შემდეგ იყო 3- საათიანი შესვენება, ამის შემდეგ ეფექტური ჩაძიების შესაძლებლობა არ ყოფილა. ამან იგი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით უსამართლო იქნება თუ პლენარულ სხდომაზე არ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებში და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წელს დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG