Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას ურჩევენ, არჩევნებამდე თავი შეიკავოს პენსიის და ხელფასის გაზრდისგან


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები.

ძირითად მიგნებებს შორისაა მთავრობის გადაწყვეტილება, ხელფასის და პენსიის გაზრდის შესახებ:

- 194 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მილიონი ლარით. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი);

- 2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, „ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.“

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG