Accessibility links

თურქეთი დათანხმდა სირიაში ოპერაციის შეჩერებას


თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე სირიაში, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს იმ ადგილების დატოვების საშუალება მიეცეს - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

როგორც პენსმა 17 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თქვა, ჩრდილოეთ სირიაში 120 საათით შეწყდება სამხედრო ოპერაცია, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები იქიდან გავიდნენ.

"ჩვენ ოპერაციას ვაჩერებთ. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება" - ეს სიტყვები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გადაწყვეტილებას ტვიტერით მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოანს და განაცხადა, რომ "მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

თურქეთმა თავისი შეტევა ცხრა დღის წინ დაიწყო, განაცხადით, რომ სურდა ტერიტორიიდან განედევნა ქურთთა ძალები.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტრამპის მიერ გასულ კვირაში მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანდა აშშ-ის ძალებს, რომლებიც იქ ქურთთა დანაყოფებს უჭერდნენ მხარს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში მებრძოლ ქურთებს მჭიდრო კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში 1980-იანი წლებიდან პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებს და რომელსაც ანკარა, ვაშინგტონი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG