Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა "იმედის" მიერ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა


ტელეკომპანია "იმედი"
ტელეკომპანია "იმედი"

საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ფაქტი შეეხებოდა ტელეკომპანიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც კომპანიამ კორპორატიული ინტერესის დარღვევად მიიჩნია და შრომითი ურთიერთობა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რისი ინიციატორიც „იმედი“ იყო.

მოპასუხე მხარის განმარტებით, გამოქვეყნებული სტატუსით განმცხადებელმა დაარღვია კორპორატიული კულტურის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრინციპი კომპანიის შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული არ არის.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, განმცხადებლის მიერ საჯარო განცხადების გამოქვეყნებით, რამდენად შეილახა კომპანიის კორპორატიული ინტერესი და რა სახის და სიმძიმის რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. ამასთან, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გავრცელების მასშტაბი, რაც გადამწყვეტი იქნებოდა იმის საზომად, გამოიწვია თუ არა საზოგადოების ფართო მასებში ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ნდობის შემცირება, რასაც ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი მოჰყვა/მოჰყვებოდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალურად სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ გამორიცხავს რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას.

სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მედიასფეროში არსებულ კონტექსტი და ტელეკომპანიის მგრძნობელობა მათ მიმართ გამოხატულ კრიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მჭიდროდ უკავშირდება ტელეკომპანიის მიმართ მაყურებელთა ნდობის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული განცხადება, კონტექსტის გათვალისწინების პირობებშიც კი, დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავდა გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

სახალხო დამცველის განმარტებით, მოპასუხემ იხელმძღვანელა გადაჭარბებული ლოიალობის სტანდარტით, რეპუტაციის დაცვის ფართო ინტერპრეტაციითა და დამდგარი/მოსალოდნელი შედეგის ზედაპირული შეფასებით, რაც ვერ გაამართლებდა განმცხადებლის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს მოპასუხე მხარის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ტელეკომპანიას, შეიმუშაოს კორპორატიული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი.

ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ 2019 წლის მაისში განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს აზრის გამოხატვის გამო. კერძოდ, იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმის გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG