Accessibility links

ედვარდ ლუკასი: საჭიროა საქართველოს სწრაფად ინტეგრირება დასავლეთის ყველა თავდაცვით ინსტიტუტში, რადგან მას ვკარგავთ


უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება ყველა პირობით კარგია და მას უნდა მივესალმოთ, განუცხადა უკრაინის ტელეკომპანია „ჰრომადსკოეს“ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ბრიტანელმა პოლიტოლოგმა ედვარდ ლუკასმა. მისი აზრით, ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი სულაც არ არის იმდენად განმსაზღვრელი, რამდენადაც ამას ბევრი ფიქრობს, ის არ იძლევა უპირობო გარანტიებს.

„მართლაც საჭიროა, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება დასავლეთის ყველა თავდაცვით ინსტიტუტში რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მას ვკარგავთ, ქვეყანაში იზრდება რუსეთისა და ჩინეთის გავლენა, ხდება პოლიტიკური პოლარიზება, ინსტიტუტები იშლება, საერთაშორისო ღონისძიების დროს დაიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა“, - ფიქრობს ლუკასი.

ინტერვიუში მან ისაუბრა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებაზე, რომლის თანახმად, ნატომ საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს იმ პირობით, რომ ალიანსის მე-5 პარაგრაფი არ გავრცელდეს ტერიტორიებზე, რომელსაც არ აკონტროლებს თბილისი. ასევე იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამგვარი მიდგომა უკრაინის შემთხვევაში.

„მაღელვებს ის, რომ საქართველო მცირე ქვეყანაა განვითარების დასავლური ვექტორის მხარდაჭერის კრიტიკული მასის გარეშე“, თქვა ედვარდ ლუკასმა, რომელიც თვლის, რომ უკრაინა დიდი ქვეყანაა და აქვს შიდა მარაგიც და საერთაშორისო დახმარებაც და ის შეძლებს დამოუკიდებლად განვითარებას. ბრიტანელი ექსპერტის აზრით, „საქართველო ხუთმილიონიანი მოსახლეობით საჭიროებს გარედან დახმარებას, რომელსაც ის არ იღებს არც გერმანიიდან, არც ევროკავშირიდან, არც აშშ-დან და არც სხვისგან“.

უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა უნდა შეიცვალოს, რომ საქართველომ საერთაშორისო დახმარება მიიღოს, ლუკასმა თქვა: „იმედი მაქვს, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მართალი იყო. თუმცა სკეპტიკური ვარ ამ საკითხის მიმართ, მაინც მგონია, რომ საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ“, ამბობს ლუკასი. მისი თქმით, ვითარება შეიცვლება, როცა ახალი ევროკომისია ამოქმედდება და გერმანიას ახალი კანცლერი ეყოლება. ლუკასი მოელის, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც წარმატებული უნდა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG