Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 1 პირის მდგომარეობა მძიმეა


გურამიშვილის გამზირზე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია, იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება - უთხრა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ. მისი ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60% აქვს დამწვარი.

"პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

გურამიშვილის გამზირზე საცხოვებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში. მერვე საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, სტაბილურია.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG