Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა


გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისი მისამართით დასმული შეკითხვები სხვადასხვა თანხას შეეხებოდა. მისი შეფასებით, გამოძიების მიზანი „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლა და არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა:

„პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა.

გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი.

ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები.

ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს“, - გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის პირობაზე, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა კი განმარტა, რომ გამომძიებლებს გიორგი გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა „რუსთავი 2“- ში და იღებდა თუ არა ანაზღაურებას გაწეულ შრომაში.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს სდებს ქმედებაში, რის გამოც ტელეკომპანიამ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი.

გენერალური პროკურატურა საქმეს იძიებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის მიერ ტელეკომპანიის თანხების შესაძლო მითვისებისა და ქონების გადამალვის შესახებ.

ამავე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი და „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG