Accessibility links

ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შეთანხმებას განიხილავს


დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 19 ოქტომბერს განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირიდან უნდა გავიდეს. შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიაღწია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

თუ შეთანხმებას პარლამენტი მხარს დაუჭერს, 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასასვლელი გზა გახსნილი იქნება.

ჯერ კიდევ არაა ცხადი, მიიმხრობს თუ არა ჯონსონი საკმარის დეპუტატს თემთა პალატაში იმისთვის, რომ შეთანხმება დამტკიცდეს. პრემიერის კონსერვატული პარტია უმცირესობაშია და დასჭირდება ოპოზიციონერი ლეიბორისტების მხარდაჭერა, და, ამასთან, იმ 20 კონსერვატორი კანონმდებლის ხმებიც, რომლებიც ადრე კონსერვატული პარტიიდან გარიცხეს.

შეიძლება არ გაიმართოს შეთანხმების გარშემო კენჭისყრა, თუ დეპუტატები მიიღებენ შესწორებას, რომ შეთანხმება არ შევა ძალაში მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ყველა კანონს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად. ეს პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.

ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის მედიის თანახმად, ჯონსონი შეთანხმების გამო კენჭისყრას გადადებს და ჯერ საჭირო კანონპროექტების დამტკიცებას შეეცდება.

იგი, ამასთან, მოვალე იქნება, ევროკავშირს ოფიციალურად მოსთხოვოს ბრექსიტის გადავადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG