Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტი მიემხრო ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცების გადადებას გასვლისთვის საჭირო ყველა კანონის მიღებამდე


ბრიტანეთის პარლამენტმა 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცების გადადებას იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღებული ყველა კანონპროექტი, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასავლელად.

ე.წ. ლეტუინის შესწორებას მიემხრო 322 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 306. შესწორების ავტორის, ოლივერ ლეტუინის თანახმად, ის არ არის ბრექსიტის წინააღმდეგი, მხოლოდ სურს უზრუნველყოს, რომ 31 ოქტომბერს ბრიტანეთი არ გავიდეს ევროკავშირიდან შესაბამისი იურიდიული გაფორმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ევროკავშირთან ბრექსიტის გადადების თაობაზე მოლაპარაკებას და სურს შეთანხმების დამტკიცებისთვის საჭირო კანონპროექტების უკვე ორშაბათს წარდგენა. ჯონსონს არ უთქვამს, გააგზავნის თუ არა ევროკავშირში წერილს გადავადების თხოვნით, რასაც ახლახან მიღებული კანონი ავალდებულებს.

კენჭისყრის შედეგი მარცხია ბორის ჯონსონისთვის, რომელიც მოელოდა, რომ ბრექსიტის შეთანხმება 19 ოქტომბერს დამტკიცდებოდა.

ლონდონში პარლამენტის სხდომა იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციის ფონზე, რომლის მონაწილეები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და ამ საკითხზე კიდევ ერთ რეფერენდუმს მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG