Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი ქურთთა ძალებს აფრთხილებს


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „თავებს გაუხეთქავს“ ქურთთა ძალებს სირიის ჩრდილოეთში, თუ ისინი არ დატოვებენ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გეგმით დადგენილ ე.წ. უსაფრთხო ზონას. ერდოანმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ თუ 22 ოქტომბრამდე მათი გასვლა არ დასრულდა, საბრძოლო ოპერაცია დაიწყება იქ, სადაც შევჩერდით და „ტერორისტების თავებს გავუხეთქავთო“.

ერდოანის თქმით, ის აპირებს მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს და „უსაფრთხო ზონის“ თაობაზე მასთან ისაუბროს. მაგრამ „ანკარას სურს თავისი გეგმის განხორციელება“, თქვა ერდოანმა, თუ არ მიიღწევა შეთანხმება სირიის სამთავრობო ჯარების განთავსების თაობაზე.

ერდოანი პუტინს სოჭში 22 ოქტომრებს ხვდება.

სირიის ჩრდილოეთში, კონფლიქტის ორივე მხარე, თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტერორისტებმა“, როგორც ანკარა უწოდებს ქურთ მებრძოლებს, 36 საათის განმავლობაში 14- ჯერ განახოციელეს თავდასხმა. მათი უმეტესობა მოხდა ქალაქ რას ალ-აუნში, თურქეთის საზღვართან. თურქი სამხედროების თქმით, ისინი ზავის პირობებს იცავენ.

როგორც მეთვალყურეები იტყობინებიან, საბრძოლო მოქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად დაბალია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მიესალმა ზავს და ტვიტერში დაწერა, რომ შეთანხმებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თურქეთი დათანხმდა, ხუთი დღით შეჩერებინა საბრძოლო მოქმედება 22 ოქტომბრამდე, იმ პირობით, რომ ქურთთა ძალები საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან გავიდოდნენ. სხვა შემთხვევაში ანკარა განაახლებს ოპერაციას.

რუსეთის სამხედროებმა თურქეთის გააქტიურების და ქურთებისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიკავეს ქალაქი მანბიჯი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადრე აშშ-ის არმიამ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG