Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილი: თელავის მერიამ აქციის გამართვაზე უარი გვითხრა, ნებართვა არც გვითხოვია


გიგა მაქარაშვილი
გიგა მაქარაშვილი

20 ოქტომბერს, „სირცხვილია“ 20-21 ივნისის ღამის დაშავებულთა სოლიდარობისა და სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების საწინააღმდეგო აქციას თელავში გამართავს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თელავის მერიას მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, წერილობითი სახით ამცნო, რომ 20 ოქტომბერს ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარედ საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმებოდა. პასუხად გიგა მაქარაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ თელავის მერია „სირცხვილიას“ აქციის გამართვის უფლებას არ აძლევს.

„ნებართვა არ გვითხოვია, არ გვჭირდება ნებართვა, რადგან ქუჩის გადაკეტვას არ ვგეგმავთ. არ არის სავალი ნაწილი ტერიტორია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით. კონსტიტუციით გვაქვს ამის უფლება, მაგრამ ზუსტად 2 საათში დამიბარეს და სრულიად გაუგონარი რამ დამხვდა: განცხადებაში წერია, რომ თელავის მერია არ გაძლევთ უფლებას აქცია ჩაატაროთო“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა, რომელმაც აღნიშნული წერილი დახვეული სახით დააბრუნა მერიაში და ვინაიდან 19 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში იქ აღარავინ დახვდა, მერის მისაღებში, კარის სახელურში დატოვა.

გიგა მაქარაშვილის განმარტებით, აქცია თელავში 20 ოქტომბერს 17 საათზე დაიწყება და მასში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის სლოგანი იქნება „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

„სირცხვილიას“ მიერ რეგიონებში დაანონსებული საპორტესტო აქციების პირველ ქალაქად თელავი, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, იმ ნიშნით შეირჩა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მიხედვით, თელავი ყველაზე ოპოზიციური ქალაქია საქართველოში.

20-21 ივნისის ღამეს სპეციალურმა რაზმმა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და 93 დღე გაგრძელდა. ძირითადი მოთხოვნა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და მის წევრებს სიტყვით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG