Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ ისინი არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და სწორი პასუხი უნდა გასცენ გამოწვევებს.

ილია მეორე ასევე მადლობას უხდის ამერიკის ხელისუფლებას და იმ პირებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეუმსუბუქა და თანადგომა გაუწია ემიგრაციაში მყოფ ქართველებს.

„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას. ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს ამერიკაში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, რთული დროში გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ ქართველმა ემიგრანტებმა სწორი პასუხი უნდა გასცენ გამოწვევებს, რადგანაც თითოეული მათგანი საქართველოს სახეა და მათი კარგი თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

„არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი, თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი. შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG