Accessibility links

ახალი ამბები

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. ვაჟთა და ქალთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა რუსეთთან მარცხით (3:4). იქამდე ქართველმა ძიუდოისტებმა მაროკოსა (4:1) და ბრაზილიის (4:1) ნაკრებები ჩამოიშორეს, წაგებული ნახევარფინალიდან კი რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლეს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანიას აჯობეს (4:1).

მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიის ახალგაზრდული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთს 4:2 მოუგო.

ყველა ახალი ამბავი

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა: ფიფას ფუნქციონერებმა რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამი აიღეს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვის დიდ თიატრში გამართული გალაკონცერტისას. 2018 წ. 14 ივლისი.

ორშაბათს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ პირველად დაადანაშაულა რამდენიმე ქვეყნის ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერები რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამების აღებაში, როცა ეს ორი ქვეყანა 2018 და 2022 წლებში საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვის უფლებისთვის იბრძოდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრინიდადიდან და ტობაგოდან, ჯეკ უორნერმა, რუსეთისგან ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო შუამავალი კომპანიების ქსელის მეშვეობით.

ამ თანხების ნაწილი გადაიხადეს ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი, გვატემალელი რაფაელ სალგერო ბრალდებულია მილიონი დოლარის აღებაში - კენჭისყრაში რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.

არგენტინელ ხულიო გრონდონას, პარაგვაელ ნიკოლას ლეოსსა და ბრაზილიელ რიკარდო ტეიშეირას ბრალი ედებათ ქრთამების აღებაში ყატარის სასარგებლოდ.

ეს პირველი ოფიციალური ბრალდებები, რომლებშიც ლაპარაკია, რომ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლება ფიფას ფუნქციონერების მოსყიდვით მოახერხეს.

EMC შრომის ინსპექციას მოუწოდებს ჩაატაროს „სპარის“ ინსპექტირება

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", EMC, მიიჩნევს, რომ სასურსათო მაღაზიათა ქსელის „სპარის„ გადაწყვეტილება მთელი ღამის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ღირსეული შრომის უფლებას.

„ჩვენი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია სპარის მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება. სწორედ ამიტომ, EMC „სპარის“ დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს.”, - აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაციის თანახმად, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ იღებენ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 300-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტრის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

  • ჩაატაროს სისტემური მონიტორინგი მონიტორინგი „სპარში“ ქსელში არსებული შრომითი პირობებისა და შრომითი უფლებების აღწერის მიზნით
  • აღწეროს და გასცეს რეკომენდაციები სპარში დასაქმებულთა უფლებების შესახებ
  • შემოწმოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობებსა და დასასვენებელ ადგილებში.

სუპერმარტების ქსელის "სპარის" გადაწყვეტილება, მთელი ღამის განმავლობაში დატოვოს მაღაზიებში დასაქმებულები ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის ამოქმედებას უკავშირდება.

ქსელის გადაწყვეტილებით, სპარი მომხმარებლებს 6-დან 21 საათამდე მოემსახურება, თანამშრომლები კი ღამეს სუპერმარკეტებში გაათევენ, რათა კომენდანტის საათი არ დაარღვიონ.

21 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 2 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 39.

რუსეთში წუხელ სულ მცირე 1000-ით გაიზარდა ვირუსით დაავადებულთა რიცხვი

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა, რაც სარეკორდო ზრდას წარმოადგენს ეპიდემიის განმავლობაში. ქვეყნის ოპერატიული შტაბის ცნობით, რუსეთში წუხელ გარდაიცვალა 11 კაცი, გამოჯანმრთელდა - 88.

უფრო ადრე, სახელმწიფო უწყება „როსპოტრებნადოზრმა“ განაცხადა, რომ რუსეთში სულ ჩატარებულია 800 ათასი ტესტირება კორონავირუსის ინფექციაზე. 185 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

სამთავრობო შტაბისვე ცნობით, 7 აპრილისათვის რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით დაავადების 7497 შემთხვევა. ეპიდემია გავრცელდა 81 რეგიონში. კორონავირუსის შედეგად, მთლიანად, გარდაიცვალა რუსეთის 58 მოქალაქე, ხოლო 494 გამოჯანმრთელდა.

ექიმების რჩევით ილია მეორე წირვას არ დაესწრო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას არ ესწრებოდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატრიარქმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა.

"ექიმების რჩევით [არ ესწრებოდა], რადგან წინ ერთმანეთის მიყოლებით მსახურებებია... არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ექიმების მოსაზრება იყო და, როგორც წესი, როდესაც ექიმებს კატეგორიული პოზიცია აქვთ, თანხმდება ხოლმე პატრიარქი რაღაცა გამონაკლისებს", - თქვა ჯაღმაიძემ.

მისივე განმარტებით, პატრიარქი ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე წირვებს დაესწრება, რომლებიც 12 და 19 აპრილს გაიმართება.

საქართველოში კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამო თითქმის ყველა დაწესებულება დახურულია. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. მთავრობაც და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხალხს მოუწოდებენ, რომ შინ დარჩნენ.

შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ლოცვები ისევ იმართება, ტაძრებსა და ეზოებში გაკეთდა სპეციალური ნიშნულები, ზიარება კი კვლავ ერთი კოვზით ტარდება.

თალიბანმა შეწყვიტა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები პატიმართა გაცვლის თაობაზე

თალიბანის წარმომადგენელი სუჰაილ შაჰინი

თალიბანმა განაცხადა, რომ შეწყვიტა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები პატიმართა გაცვლის თაობაზე. მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობდა. თალიბანის წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა 7 აპრილს ტვიტერში დაწერა, რომ თალიბანის ტექნიკური გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს „უნაყოფო შეხვედრებში“. შაჰინმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას ბრალი დასდო ტყვეების გათავისუფლების პროცესის გაჭიანურებაში.

ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯავიდ ფაიზალმა თალიბანს მოუწოდა, „საბოტაჟს ნუ უწევს პროცესს“.

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თალიბანი ითხოვს იმ საველე მეთაურების განთავისუფლებას, რომლებიც უკანასკნელ წლებში ყველაზე სისხლიან თავდასხმებში მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებების შეწყვეტამ შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია, რამაც თავის მხრივ შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა. ჯარების გაყვანის თაობაზე 29 თებერვალს იქნა მიღწეული შეთანხმება თალიბებსა და აშშ-ს შორის.

შეთანხმების მიხედვით, ავღანეთის მთავრობამ 5000-მდე თალიბი მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან, რაც გათვალისწინებულია, როგორც ნდობის დამყარების ნაბიჯი. თალიბანმა პირობა დადო, რომ გაათავისუფლებს მის ტყვეობაში მყოფ ათასამდე ავღანელ ჯარისკაცს და სამოქალაქო პირს.

ათენი-თბილისის სპეცრეისის მგზავრებს შორის არიან მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც

ათენის აეროპორტი

საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც სპეცრეისით ათენიდან თბილისში დღეს დაბრუნდებიან, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მგზავრებს შორის არიან ორსულებიც და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. თბილისი-ათენი-თბილისის რეისით 100-ზე მეტ მოქალაქეს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი ჩამოიყვანს

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი;

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაჯარიმდა 167 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით:

  • უშუალოდ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 112 მოქალაქე.
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 28 მოქალაქე,
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 27 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

21 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 2 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 39.

საავადმყოფოში მოათავსეს ორსული "სპორტსმენის კონტაქტებიდან"

ანაკლიის კარანტინის ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ორსული, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ სპორტსმენთან. ქალს აქვს მაღალი ტემპერატურა, ხველა და თავის ტკივილი. პაციენტის ბიოლოგიური მასალა თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაიგზავნება.

სპორტსმენ მამაკაცს კორონავირუსი 4 აპრილს დაუდასტურდა. მას აქტიური კონტაქტები ჰქონდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც სტუმრად რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა.

წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 16 კონტაქტზე. ყველანი ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მათგან სამი პირი, რომლებსაც სპორტსმენთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, 5 აპრილს საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტესტირებამ კორონავირუსით მათი ინფიცირება არ დაადასტურა, კარანტინის რეჟიმში დააბრუნეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, თუ განმეორებითი ანალიზის შედეგად, ამ პირებს COVID-19 დაუდასტურდება, სამეგრელოს რეგიონი შესაძლოა, მთლიანად ჩაკეტონ.

საკოორდინაციო საბჭო ვიდეოკონფერენციის ფორმატით მუშაობაზე გადავიდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. 2020 წლის 30 მარტი

კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეიდან სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით გამართავს.

გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან ასაცილებლად.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ, კვლავ გაიმართება საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები.

7 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

სახალხო დამცველი შეისწავლის საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკარანტინო სივრცეების შესწავლას იწყებს. შესწავლის საგანი იქნება საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობები, ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის, ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვის, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაცვის მდგომარეობის შეფასება და სხვა.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება, საკითხის გამოსასწორებლად.

მონიტორინგი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელდება.

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, სურვილის შემთხვევაში ომბუდსმენის ოფისს ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო ინფორმაცია მიაწოდონ. სახალხო დამცველის თანახმად, გასაუბრება კონფიდენციალური იქნება.

ოფიციალური სტატისტიკით, 7 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინის რეჟიმში 4 708 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 39.

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა... ყველა მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულები საშობაოდ, 2020 წლის დასაწყისში შეიწყალა.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ

ევროჯგუფის შეხვედრა. 2018 წლის ფოტო.

დღეს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე მსჯელობენ ევროპის იმ ქვეყნების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიით.

განიხილება ე.წ. უსაფრთხოების ბადე, რომლის მოცულობა ნახევარი ტრილიონი ევროა. ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრების ფორუმის, ევროჯგუფის, თავმჯდომარემ, პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა მარიო სენტენომ.

მინისტრები იმსჯელებენ საგანგებო საკრედიტო ხაზზე ევროპის სტაბილურობის მექანიზმიდან, იმ შემთხვევისთვის, თუკი ცალკეულ ქვეყნებს ფინანსების მობილიზების პრობლემები შეექმნებათ პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
დღის წესრიგშია ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის საგარანტიო ფონდი, საიდანაც ხელფასებს გადაუხდიან გასაჭირში აღმოჩენილი ფირმების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სხვაგვარად სამსახურიდან დათხოვნა დაემუქრებათ.

აზრთა ყველაზე დიდ სხვადასხვაობას იწვევს „კორონაობლიგაციები“, რაც ევროკავშირის მოსახლეობიდან სესხის აღებას გულისხმობს.

ამას მხარს უჭერენ სამხრეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა - იტალია და ესპანეთი.

მაგრამ „კორონაობილიგაციების“ იდეას უარყოფენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია და ფინეთი, რომლებიც შიშობენ, რომ საბოლოოდ ეს ინდივიდუალური სახელმწიფოების ვალების განაწილებას გამოიწვევს.

გალიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაყვანილი პირი საავადმყოფოში მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონიდან. ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ცხელება და ყელის ტკივილი. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა COVID-19-ზე ტესტირებისთვის თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“.

ეს პაციენტი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, თუმცა, წლებია ხონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. 29 მარტამდე, ერთი თვის განმავლობაში გალში, ნათესავებთან იმყოფებოდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს.

მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია გალის რაიონის მკვიდრ, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებულ ქალთან, რომელიც იმავე ღამით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე დღეს COVID-19 დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრების საშუალება მისცა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 25 მარტიდან მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ კიდევ ერთ პაციენტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა. ექიმ ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და განმეორებითი ტესტირების შედეგის მიხედვით, კლინიკა შესაძლოა, ამ კვირის ბოლოს დატოვოს.

7 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ლევან რატიანი: დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს

ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ერთი ნათელია - დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს:

„ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80-მა პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალურია:

„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური ... დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე - სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ძირითადი რეკომენდაციები ხელების ხშირი დაბანა, სახეზე, თვალსა და პირზე ხელის შეხებისგან თავის არიდება, ჰიგიენის დაცვა, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა და დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდებაა.

ამ ჩამონათვალშია მოწოდება „დარჩით სახლში“, რომელიც გარკვეულწილად უკვე გასცდა საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის ფარგლებს:

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

7 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა. 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

აგრარული ბაზრები თბილისშიც დაიკეტა

კორონავირუს COVID-19-ის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან დროებით დაიკეტა თბილისში არსებული აგრარული ბაზრები. რა ვადით, ჯერჯერობით უცნობია. თბილისის აგრარული ბაზრების დახურვა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია იყო.

მანამდე აგრარული ბაზრები დაიკეტა სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში.

7 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ქვეყანაში უკვე ფიქსირდება კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები.

თბილისის მერიას ვაკისთვის სკამების შესაძენად 1,3 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი

თბილისის მერია განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის 155 ახალ სკამს ყიდულობს. თითო სკამისთვის, საშუალოდ, 8 464 ლარი აქვს გამოყოფილი, რაც ჯამში 1 311 870 ლარია.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია, გამარჯვებული კი თვის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, თავადვე დაამონტაჟოს სკამები ჭავჭავაძის გამზირზე.

განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის თბილისის მერიამ სკამების შესაძენად ტენდერი რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა. მაშინ თითო სკამში, საშუალოდ, 12 135 ლარის გადახდა იგეგმებოდა.

მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან 3 ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა, უკავშირდება სავარაუდოდ ე.წ. ფულის კლასტერს და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრები არიან.

„ახალი პაციენტებიდან ჩვენს კლინიკაში 3 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19. სულ დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 13 პაციენტი. 13 პაციენტიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 6. ექვსივეს მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, 1 პაციენტი რჩება შედარებით საყურადღებო“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაავადდა, ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 7 ახალი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დილით დადასტურდა, ერთი ბათუმში დაფიქსირდა. 60 წლის ქალი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების მოძიება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ მოქალაქის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. პაციენტს არც COVID-19-ის გამოკვეთილი სიმპტომები ჰქონდა.

„ეს ქალი გახლავთ ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელი, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას. მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცხელება და რესპირაციული ჩივილები. უჩიოდა მხოლოდ მუცლის ტკივილსა და დიარეას. მას სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გაეწია დახმარება. ეჭვის მიტანის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა“, - უთხრა მედიას ნინო ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებთანაც დაინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა, პერსონალი ძირითადად, ეკიპირებული იყო. ეკიპირების გარეშე მყოფი 2 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და 5 - კარანტინში.

ნინო ნიჟარაძის ცნობითვე, დაინფიცირებული ქალი არ ცხოვრობდა მრავალბინიან კორპუსში და არ აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია. ის ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

ამ ბოლო შემთხვევამდე აჭარის რეგიონში დადასტურებული იყო კორონავირუსით დაავადების 12 შემთხვევა. მათგან 4 გამოჯანმრთელდა.

7 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში მკურნალობის კურსს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გადის. მათგან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული:

„არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ასეთი პაციენტების რაოდენობა 6-ია. მისი თქმით, მათ გარდა 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს და პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გრძელდება ასევე პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების დასადგენად:

„გუშინ რამოდენიმესთან მიღებული იყო უარყოფითი პასუხი და დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება“, - უთხრა მედიას მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შვიდითაა გაზრდილი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი 7 შემთხვევიდან 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა. ექიმის თანახმად, მისი ინფიცირების წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია:

„ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით, ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

საქართველოში 195-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობამ იმატა

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა აშშ-სა და ევროპის ოთხ ქვეყანაში, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ხუთეულში არიან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები.

საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში 5 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 1165 შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 1255. აშშ-ში 5 აპრილს დაავადების 25 316 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს 30 331.

ესპანეთში 5478-დან 5029-მდე შემცირდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, გარდაცვალების კი მცირედით გაიზარდა. 5 აპრილს 694 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 აპრილს 700.

დაავადების ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო იტალიაშიც. 5 აპრილს დაფიქსირდა 4316 ახალი შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 3599. ამასთან, გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 5 აპრილს 525 ლეტალური შედეგი დადგა, ხოლო 6 აპრილს 636.

სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიმატა გერმანიაშიც, სადაც 5 აპრილს გარდაიცვალა 140 ადამიანი და 6-ში 226. შემცირებულია დაავადების ახალი შემთხვევები. 5 აპრილს დადასტურდა 4031, ხოლო 6 აპრილს 3253.

24 საათში ყველაზე დიდი მატებაა საფრანგეთში, სადაც 5 აპრილს დაავადების 2886 შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს - 5171. 5 აპრილს გარდაიცვალა 518 ადამიანი, ხოლო 6 აპრილს 833 ლეტალური შედეგი დადგა.

გასული კვირის ბოლო დღეებში ამ ქვეყნებში როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდებოდა.

ჩინეთი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში COVID-19-ით ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა

ჩინეთის ქალაქი უჰანი

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში არ ყოფილა კორონავირუს COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 32 ახალი ფაქტი და ყველა შემთხვევაში დაავადება აღმოაჩნდათ უცხოეთიდან ჩასულ პირებს.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ამ დროისთვის ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში სულ დაავადდა 81 740 ადამიანი. მათგან 77 167 უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 331.

ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. საერთო ჯამში უკვე დაავადდა 1 300 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 75 000-ს უახლოვდება.

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დაბრუნდებიან ათენიდან

დღეს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში საბერძნეთიდან დაბრუნდება. თბილისი-ათენი-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი;

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას, დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. 82 წლის დოლორეს სალას COVID-19-ის დიაგნოზი გასულ კვირაში ბარსელონაში დაუსვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს კი „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელა განცხადება.

გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წვლილი ორი კვირის წინ შეიტანა სოლიდური ფინანსური დახმარებით. ორმოცდაცხრა წლის კატალონიელმა სპეციალისტმა სწორედ კატალონიის ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა მილიონი ევრო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG