Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა დაიხურა


სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს პარლამენტში დახურული რეჟიმით მიმდინარეობს შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დახურვამდე პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, რომ ქეთევან ციხელაშვილს საჯაროდ გაეკეთებინა განმარტებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, სოფელ ატოცში შექმნილი ვითარების და საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

სხდომის ოფიციალური დღის წესრიგის თანახმად, სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს უნდა გააცნოს სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობა.

„არ ვაკნინებთ ამ პროგრამის მიმდინარეობის საკითხს, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რამდენიმე წუთი რომ დაუთმოთ საქართველოს მთავრობის აქტიურობას საერთაშორისო ასპარეზზე, თუკი ასეთი აქტივობა არსებობს, რადგან მოსაზრება არის, რომ არ არსებობს არანაირი აქტივობა. რა გაქვთ საწინააღმდეგო, რომ გვიპასუხოთ და 15 წუთი დაუთმოთ?“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ყველასთვის გასაგებად გავაკეთო განმარტება იმაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში და ზუსტად რამდენიმე წუთის წინ საზოგადოების ყურადღებისთვის ძალიან დეტალურად ვისაუბრე ამაზე მედიასთან. არ მინდა, ვინმეს საფუძველი შეექმნას, რომ ამ თემით რამე სპეკულაციები მოვახდინოთ, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამის. ყველაფრის, რაც ეხება, ზოგადად, ასეთ სენსიტიურ საკითხს. თუ გნებავთ, შესავალ ნაწილში ამ საკითხსაც ვახსენებ და თუ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ დახურვაზე, რამდენიმე წუთში შესავალი ნაწილის შემდეგ გადავალ პრეზენტაციაზე, რომელსაც ასეთ რეჟიმში მოგახსენებთ“, - თქვა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

სხდომის დახურვას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა. ასევე, პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, გედევან ფოფხაძემ და კობა ნარჩემაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG