Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კორძაძე: პირი, რომელსაც მამუკა ხაზარაძეს „მუქარის წერილი“ გადასცა, ჩვენების მისაცემად მზადაა


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს იმჟამინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას წერილი გადასცა, ჩვენების მისაცემად მზადაა.

„ამ საქმეში შუამავალი არ არსებობდა, ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს, ამასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნება საბუთები და როგორც კი გამოძიება დაიწყება რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისი თქმით, რა დაექმევა ამ პირს, „შუამავალი თუ კურიერი, ეს უკვე გამოძიების საქმეა“.

რაც შეეხება ბრალდების ადრესატს, კითხვაზე, არის თუ რა გამოძიების მიზანი საქმეში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას ბრალეულობის გამოკვლევა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ ბრალდების ადრესატი გიორგი გახარიაა.

„არავის არ უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან, შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არ არის, ვისგან გადმოგვეცა წერილი, ბრალდების ადრესატი არის ის, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა და ეს არის გამოძიების დასადგენი, გიორგი გახარია არის თუ არა ის პირი, რომელიც იყო უშუალოდ, ასე ვთქვათ, მუქარის ავტორი თუ გიორგი გახარია არის პირი, რომელმაც წერილი გამოგვიგზავნა, ეს ჩვენი საქმე არ არის და არც ვიცით. მამუკა ამბობს იმას, რომ წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან, დანარჩენი არის მთლიანად გამოძიების საქმე“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილის“ ასლს, მასზე ლონდონში ჩატარებული თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის დასკვნის პასუხითურთ, მისი ადვოკატი პროკურატურას გადასცემს.

ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის, არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG