Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია „მუქარის წერილზე“ - ყველაფრისთვის მზად ვარ


ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა ვითარებას პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.

„არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ“, - განაცხადა გახარიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს იმჟამინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას წერილი გადასცა, ჩვენების მისაცემად მზადაა.

მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილის“ ასლს, მასზე ლონდონში ჩატარებული თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის დასკვნის პასუხითურთ, მისი ადვოკატი პროკურატურას გადასცემს.

ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG