Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს“ მიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს“ აფასებს აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად.

22 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული და საამაყოა.

გახარიას თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნას და არსებულის გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის ურთიერთმოგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2015 წელს საქართველომ ჩინეთთან გააფორმა შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმიც და დღეს ორ ქვეყანას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც აკავშირებს.

„საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი. შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას”, - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა, არასატარიფო ბარიერების მოხსნა და საზღვრის გადაკვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება. გიორგი გახარიას შეფასებით, ამ მხრივ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური პოლიტიკა აქვს.

„საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა, ვინმემ მიიჩნიოს არამიმზიდველად. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შესაძლებლობებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისა, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, უკრაინასა და დსთ-ის ქვეყნებთან.

„საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ჩქაროსნული გზებისა და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG