Accessibility links

ბოკუჩავა მიქაუტაძეს: მარტივად მისახვედრია, რომ ამ ქონებას ლეგალური შემოსავლებით ვერ შეიძენდით


იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, როგორ მოახერხა მოსამართლეობის კანდიდატმა 2014 წელს ბინის შეძენა 64 ათას დოლარად, მაშინ როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 112 000 ლარი იყო.

„2015 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ 2014 წლის მანძილზე თქვენი და თქვენი მეუღლის ერთობლივი შემოსავალი იყო 112 000 ლარი. იმავე წელს შეძენილი გაქვთ 64 ათასი დოლარის ქონება. მართალია, 2014 წელს ლარის კურსი ისეთ კატასტროფულ ნიშნულზე არ იყო, როგორც ივანიშვილის 7-წლიანმა არაჩვეულებრივმა მმართველობამ მოგვიტანა, მაგრამ მაინც ელემენტარული არითმეტიკით, მარტივად მისახვედრია, რომ აღნიშნული ქონების შეძენა თქვენი ლეგალური შემოსავლების საფუძველზე არ იქნებოდა შესაძლებელი“.

მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატს უპასუხა, რომ 25 ათასი სესხის სახით ჰქონდა აღებული, რაც ასევე მითითებულია დეკლარაციაში, თანხის დანარჩენი ნაწილი კი მშობლებისგან საჩუქრად მიიღო.

„ნაწილი დავფარეთ სესხით, რომელიც არის მითითებული დეკლარაციაში. ჩემს ოჯახს არც დღეს და არც ადრე არასდროს ჰქონია მატერიალური საჭიროებები და ჩემი მატერიალური შემოსავალი ჩემი ოჯახის მატერიალურ შემოსავალთან შედარებით ყოველთვის იყო მინიმალური. მშობლები მეხმარებოდნენ ყოველთვის, არ უარვყოფ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემს ოჯახს ჰქონდა ამის საშუალება, ნებისმიერ დროს შემიძლია დასადასტურებლად წარმოგიდგინოთ ეს მტკიცებულებები, გაცილებით დიდი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ბინებზეა საუბარი“.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG