Accessibility links

ნათია თურნავა: მივესალმებით, თუ რუსეთთან ფრენები აღდგება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის მიესალმება, თუ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ეს კომენტარი მინისტრმა რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობისას.

„რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვინაიდან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი, საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუკი ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით, შესაბამისმა სამსახურებმა, რომლებიც განაგებენ საჰაერო სივრცის საკითხებს, უკვე გაცვალეს მოსაზრებები და „გარკვეული წერილობითი კომუნიკაციაც ჰქონდათ“, თუმცა მისთვის უცნობია, როდიდან ან რა ფორმით შეიძლება აღდგეს საჰაერო მიმოსვლა.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG