Accessibility links

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორი: პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის


პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, - ასე პასუხობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით მიწვევას, თავად მზადაა, პარლამენტში მივიდეს და კითხვებს უპასუხოს.

„მზად ვართ, მივიღოთ მოწვევა, გავაკეთოთ მოხსენება პროექტის შესახებ და კითხვებს გავცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, ეს მოხდეს სამინისტროსთან ერთად. პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, გვსურს საქმიანი საუბარი და ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ თუ პარლამენტში მიგვიწვევენ, მივიდეთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე მიიწვიეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა.

15 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება.

თავის მხრივ, კონსორციუმმა უარი თქვა სამინისტროსთვის დოკუმენტების წარდგენაზე და მთავრობა მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟში დაადანაშაულა.

16 ოქტომბერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG