Accessibility links

საქართველოს პარლამენტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მადლობას უხდის


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სახელით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მადლობას უხდის საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთხმად დამტკიცებისა და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

23 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს კონგრესის მოწოდებას, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG