Accessibility links

site logo site logo

„2013 წლის შემდეგ სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება დაიძაბა“ - პაატა სილაგაძე ცდილობდა, აეხსნა თავისი სიტყვები  


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატმა, გოგა გულორდავამ შეახსენა იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს წარმოთქმული სიტყვები - ე მგონი, 2013 წლის შემდეგ სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება დაიძაბა“. გულორდავა დაინტერესდა, რას გულისხმობდა მაშინ სილაგაძე.

„შეიძლება სწორად ვერ გამოვხატე მაშინ... სასამართლოს მიმართ კრიტიკა იყო უფრო მეტად არასამართლიანი“, - თქვა პაატა სილაგაძემ და დაამატა, რომ გულისხმობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის გამონათქვამს - „კონსტიტუცია დაირღვევა, თუკი იუსტიციის საბჭოს მდივანს (მაშინ ლევან მურუსიძე იყო) აირჩევთ მოსამართლედ“. კანდიდატმა ასევე თქვა, რომ „ამდაგვარები კიდევ ბევრი იყო“, მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია.

პაატა სილაგაძემ განაცხადა, რომ 2012-2013 წლების შემდეგ „სასამართლო სისტემაზე საკანონმდებლო თვალსაზრისით მოხსნილია წნეხი, რაც მანამდე არსებობდა“.

„საკანონმდებლო წნეხის გარდა, სხვა წნეხი არ არსებობდა, თქვენ ფიქრობთ?!“ - დამატებითი შეკითხვა დასვა გულორდავამ.

„კონკრეტულად მე არ განმიცდია ასეთი... იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რაც დღეს არის, დღეს უფრო თავისუფალია სასამართლო... მე (წნეხი) არ მიგრძვნია, არ ვიცი“, - ასეთი იყო პაატა სილაგაძის პასუხი.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები არ წაგიკითხავთ?“ - დაინტერესდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

„ანგარიშებს ვეცნობოდი მეტ-ნაკლებად, იყო რაღაც შენიშვნები... ახლაც გრძელდება ეს შენიშვნები“, - ასეთი იყო სილაგაძის პასუხი.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.

  • 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
  • 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
  • 2013-2017 წლებში პაატა სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც.

10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ მიერ შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG