Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყში ჩავიდა, სირიიდან ამერიკის ძალების გასვლის ფონზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა, იმ ფონზე, როცა აშშ-ს ერაყის გავლით სირიის ჩრდილოაღმოსავლეთიდან თავისი ძალები გამოყავს.

ესპერი შეხვედრას გამართავს ერაყის თავდაცვის მინისტრთან, ნაჯაჰ ალ-შამარისთან და პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ მაჰდისთან, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ერაყის არმიამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის ძალებს, რომლებიც სირიას ტოვებენ, არ აქვთ ერაყში დარჩენის უფლება.

"ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც სირიიდან გადიან, მიიღეს ერაყის ქურთისტანში შესვლის ნებართვა, რათა ერაყი დატოვონ" - აცხადებს არმიის შტაბი.

22 ოქტომბერს საუდის არაბეთში მყოფმა ესპერმა თქვა, რომ გასვლის პროცეში მყოფი სამხედროები "დროებით" ერაყში დარჩებოდნენ, აშშ-ში დაბრუნებამდე.

ესპერმა თავიდან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სირიიდან გასული ამერიკის ძალები დასავლეთ ერაყში შევიდოდნენ და გააგრძელებდნენ ოპერაციებს ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

ერაყში დისლოცირებულია აშშ-ის 5200-მდე სამხედრო, როგორც ნაწილი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი, "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციისა.

მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ყველა, ანუ 1000 სამხედრო გამოეყვანა ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან.

მაგრამ პენტაგონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს გარკვეული ძალების ადგილზე დატოვებას, რათა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა და სხვა ჯგუფებმა ვერ ისარგებლონ რეგიონის ნავთობის საბადოებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG