Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულად ცნობას ითხოვს


ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია
ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია

მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუკა ბერძენიშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. განცხადების შეტანის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვეზე მეტი გავიდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მასზე ძალადობიდან, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.

„როგორც სამწუხაროდ ვივარაუდეთ, გამოძიებაც არ მოქმედებს ისე, რომ გვქონდეს საფუძველი, რომ ვიფიქროთ, რომ პროცესები მიდის სამართლიანად. შესაბამისად, მე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მაქვს მონიჭებული, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა, ცხადია, გვესმის, რომ ამ გზით სავარაუდოდ გვიზღუდავენ უფლებებს, რომლებიც დაზარალებულს ენიჭება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია შემდეგ უკვე მასალებთან გვქონდეს წვდომა გამოძიების“, - აღნიშნა ზუკა ბერძენიშვილმა. მისი განმარტებით, ინციდენტის დღეს მასთან ერთად ემზარ კვიციანისგან დაზარალდნენ პოლიციელებიც.

ზუკა ბერძენიშვილის შეფასებით, საქმეს პრინციპული და პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს, რადგან „დეპუტატის მანდატისა და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი ემზარ კვიციანი იქცევა ისე, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი“. ზუკა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის ემზარ კვიციანის გასამართლება არასასურველი იქნებოდა:

„მათთვის ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მონებს აქვთ შიში, რომ მათი ერთგულება ბოლომდე არ ფასდება და რაღაც მომენტში ის შეიძლება გაწიროს პატრონმა. მეორე მხრივ, არის ის ვარიანტი, რომ ეს საქმე გაიწელება უსასრულოდ და ამ შემთხვევაში კიდევ უარესი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ საქმეს ყველანაირად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი კუთხით ვნახოთ, თუ როგორი დამპალია სისტემა, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს“, - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. იგი ამბობს, რომ წინააღმდეგობა იქნება პრევენციული ხასიათის, რათა მომავალში „პრივილეგირებულმა ადამიანებმა დანაშაულის ჩადენისას ცოტა მეტი „ტორმუზი“ მაინც იგრძნონ ხოლმე“.

8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, დეპუტატი ემზარ კვიციანი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რის შემდეგაც მან „სირცხვილიას“ წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზუკა ბერძენიშვილის თანახმად, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა მას სამჯერ დაარტყა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG