Accessibility links

დავით ზალკალიანი: ასეთი უპრეცედენტო მხარდამჭერი აქტი საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია


ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში და, საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დაამტკიცების საკითხს.

მისი თქმით, ეს არის იმ სტარატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, რომელიც ამერიკა-საქართველოს აქვს.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მე მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ძალაში შევა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამ დოკუმენტის მიღება ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა. მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით და ამ დროს, აშშ ამ სახის დოკუმენტს იღებს საქართველოსთან მიმართებით, ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ზალკალიანის განმარტებით, ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია.

„დოკუმენტი ყოვლისმომცველია. ის განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც უპრეცედენტოა, უკვე გვაქვს და აუცილებელია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ურთიერთობის დონე ეკონომიკურ და ვაჭრობის სფეროში იყოს თანასწორი იმ ურთიერთობისა, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თავად ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა 28 კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ.

„მიმართვაში სწორედ ამ საკითხზეა ფოკუსირება და იმაზე, რომ საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიცია გვჭირდება და ამერიკის მონაწილეობა გვჭირდება ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის მხრივ, კარგი საშუალებაა ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტში ასევე არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებით და შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ სიაში არიან შეყვანილი.

„ის ავალდებულებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუშაობა დაიწყოს შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, ის ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ასევე მოწოდებაა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, პატივი სცეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG