Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: 1 ოქტომბრიდან დღემდე დაჯარიმებულია 2000-მდე ტაქსის მძღოლი


კახა კალაძე
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მონაცემებით, თბილისში A კატეგორიის 11 000-მდე ტაქსია რეგისტრირებული. 23 ოქტომბერს გამართული მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში A კატეგორიის 2000 ტაქსი იყო მხოლოდ, ხოლო გასულ კვირას - 8000. მერის თანახმად, ამ დროისათვის გაცემულია ტაქსების 9 000-მდე მანათობელი.

რაც შეეხება სტატისტიკას, კალაძის თანახმად, ნებართვის გარეშე, ამ სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების ფაქტებზე რეფორმის დაწყებიდან დღემდე, 2000-მდე ტაქსის მძღოლია დაჯარიმებული. მათგან 700 შემთხვევა რეფორმის პირველ დღეს, 1 ოქტომბერს მოხდა, რაც ამნისტიას დაექვემდებარება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დაჯარიმდებიან ის მძღოლებიც,რომელთა ავტომობილებიც სრულად თეთრი ფერის არ იქნება:

„მიუღებელია ის, რომ ბამპერები არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. მსგავსი რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა უკვე. ეს შემთხვევები იქნება დაჯარიმებადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი აფრთხილებს მძღოლებს, რომ კვლავ გაგრძელდება იმ პირთა დაჯარიმების პროცესი, ვინც ლიცენზიის გარეშე გააგრძელებს მგზავრების მომსახურებას. კახა კალაძის შეფასებით, ტაქსების რეფორმა შედგა და ოპონენტების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

პირველი ოქტომბრიდან, ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები ძირითადად გამოძახებით მუშაობენ.

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, 200 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG