Accessibility links

ახალი ამბები

სუს-ი მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას არ ადასტურებს

სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, 2017 წელს 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოიკლა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველად გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სპეცრაზმელის თითმკვლელობის თაობაზე ინფორმაციის მიმწოდებელს, პირის სახელი და გვარი არ უთქვამს.

„ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ იმ სამი სპეცრაზმელიდან, ერთ-ერთმა თავი მოიკლა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგ მუხლებს:

  • მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
  • მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
  • მე-13 მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).

22 ოქტომბერს​ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურაში ასევე გამოკითხეს სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. გამოკითხვა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას შეეხებოდა.

ყველა ახალი ამბავი

უილიამ ტეილორი იმოწმებს წყაროს, რომ ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებით უფრო იყო დაინტერესებული

უილიამ ტეილორი კონგრესში გამართული მოსმენისას.

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, უილიამ ტეილორის თქმით, ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლენდმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ გამოძიების წარმოებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე უკრაინის მიმართ პოლიტიკით.

ეს განცხადება ტეილორმა 13 ნოემბერს გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დაწყებული საჯარო მოსმენების პირველ დღეს. მოსმენების მიზანია, დაადგინოს, ცდილობდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს გამოძიება ეწარმოებინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, და გამოიყენა თუ არა ტრამპმა ამ ზეწოლისთვის სამხედრო დახმარებისა და ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი.

ტეილორმა საჯარო მოსმენისას განაცხადა, რომ 26 ივლისს მისმა თანამშრომელმა კიევში გამართულ შეხვედრაზე ყური მოჰკრა სონდლენდსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარს. ტეილორის თანამშრომლის თქმით, მან სონდლენდის ტელეფონში გაიგონა, რომ ტრამპმა „გამოძიების“ შესახებ იკითხა.

როცა მოგვიანებით ტეილორის თანამშრომელმა სონდლენს ჰკითხა, რას ფიქრობდა ტრამპი უკრაინის შესახებ, სონდლენდმა მას უპასუხა, რომ ტრამპი „ბაიდენების საქმის გამოძიებით უფრო არის დაინტერესებული“. ტეილორის თქმით, ეს მან თავისი თანამშრომლისგან გასულ კვირაში გაიგო.

დემოკრატების ინიციატივით მიმდინარე გამოძიება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს იმპიჩმენტის პროცესის დაწყება და სენატში გამოძიება, მიზნად ისახავს დაადგინოს, ბოროტად გამოიყენა თუ არა ტრამპმა თავისი თანამდებობა პირადი და პოლიტიკური მოგებისთვის და უბიძგა თუ არა მან უცხო ქვეყნის მთავრობას, რომ გამოძიება ეწარმოებინა მისი მეტოქეების წინააღმდეგ და თუკი ასეა, არის თუ არა ეს ქმედებები იმპიჩმენტის საფუძველი.

სხდომის წევრმა, რესპუბლიკელმა დევინ ნუნესმა თავის გამოსვლაში ამ მოსმენებს უწოდა „დემოკრატების მიერ დადგმული სატელევიზიო თეატრალური წარმოდგენა“. მისი თქმით, ტრამპს არაფერი დაუშავებია, როცა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს სთხოვა, გამოძიება ეწარმოებინა მაღალი რანგის დემოკრატის, ჯო ბაიდენის თაობაზე.

საჯარო მოსმენა გამოძიების ახალი ეტაპია. ერთ თვეზე მეტია, კომიტეტში მოწმეებთან საუბარი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ტრამპი და მისი მომხრე რესპუბლიკელები დემოკრატებს მიკერძოებულობასა და პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოქტომბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, მიიღო რეზოლუცია, რომელიც იწონებს გამოძიების ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის - საჯარო მოსმენების გამართვას.

პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დემოკრატები მასთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწევიან.

საოკუპაციო ძალებს დაკავებული ჰყავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანოოდ ჰყავთ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. მის გასათავისუფლებლად კი მუშაობა მიმდინარეობს.

სუსის ცნობით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებული პირის ვინაობას არ ასახელებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუკავებიათ კიდევ ორი მოქალაქე, თბილისელი დავით მიშელაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

13 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 11 ნოემბერს დაკავებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი.

კიევმა გაეროს სასამართლოში გაგზავნა რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების დევნასთან დაკავშირებული მასალები

ყირიმელი თათრების სასამართლო პროცესი დონის როსტოვში.

უკრაინამ საერთაშორისო ტრიბუნალებში, მათ შორის გაეროსა და ჰააგის ტრიბუნალებში, გააგზავნა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალები, რომლებითაც რუსეთი ასამართლებს ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრებს. კიევი ყირიმელი თათრების დევნას უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვის ქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად აფასებს. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2003 წელს „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

12 ნოემბერს დონის როსტოვის სასამართლომ მორიგი საბრალდებო განაჩენები გამოუტანა ანექსირებული ყირიმის ექვს მაცხოვრებელს. მათ 7-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათ რელიგიური და ეთნიკური მოტივებით დევნიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასამართლებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაჩენებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ორგანიზაცია „მემორიალმა“ აქტივისტები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა.

„ჰიზბ უტ-ტაჰრირთან“ კავშირის ბრალდებით ყირიმელი მუსლიმების დევნა დაიწყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. საერთო ჯამში დაპატიმრებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

ირაკლი შიოლაშვილი: რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საღამოს გამართული შეხვედრის შესახებ ჰყვება.

„საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში”, - თქვა შიოლაშვილმა.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ეწინააღმდეგება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს.

„თუ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც“, - თქვა ხუნდაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა პარლამენტმა 14 ნოემბრისთვის გადადო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

ვენეციის ხელისუფლებამ ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო ვითარება გამოაცხადა

ვენეციის ხელისუფლებამ ძლიერი წყალდიდობის გამო ქალაქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. წყლის დონემ 187 სანტიმეტრით გადააჭარბა საშუალო დონეს, რაც მხოლოდ 7 სანტიმეტრით ნაკლებია 1966 წლის წყალდიდობაზე, რომელიც ყველაზე დიდი წყალდიდობა იყო, რაც კი ოდესმე აღრიცხულა ვენეციაში.

წყალმა დატბორა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა - წმინდა მარკოზის მოედანი. ოთხშაბათს იქ წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. წმინდა მარკოზის ბაზილიკა მეექვსედ დაიტბორა უკანასკნელი 1200 წლის განმავლობაში.

ზარალი მიადგა სხვა ღირსშესანიშნაობებსაც. ხელისუფლება სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველ ზომებს ატარებს.

ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ წყალდიდობას გლობალური დათბობის შედეგი უწოდა.

როგორც იტყობინებიან, წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

დიღმელაშვილი აქციაზე: პროპორციული არჩევნების ჩაგდება პირადად ივანიშვილის ინიციატივა იქნება

„არ გაბედო ჩაგდება!“ - პარლამენტის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა, რა მოხდება - ხვალ „ტროლმედიები“ დაიწყებენ პასკვილების გამოცხობას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, თუ გაბედეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა.

„ჩვენს პროტესტს არ შეიძლება სხვა ადრესატი ჰყავდეს, გარდა ივანიშვილისა. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩვენი არჩევნის თავისუფლება დავთმოთ“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა და განაგრძო: - „თითქოს, მაჟორიტარებმა ახლა პატარა აჯანყება მოაწყვეს, ეს არის მტკნარი ტყუილი. ეს უნდა განვიხილოთ ბიძინაივანიშვილისეულ გენგეგმად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივას 2020 წელს და მას ურჩევნია, კიდევ ერთხელ, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე დააყრდნოს თავისი ხელისუფლება ძალოვნებს. ამის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოება აღარც უნდა დასაყრდენად, ის ეყრდნობა ძალოვნებს“.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა პარლამენტმა 14 ნოემბრისთვის გადადო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

აშშ-ის კონგრესში იმართება პირველი საჯარო მოსმენა ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში იმართება პირველი საჯარო მოსმენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, ახდენდა თუ არა ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა თავისი პოლიტიკური ოპონენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენისთვის, და თუკი ეს ასე იყო, ექვემდებარება თუ არა ასეთი მოქმედებები იმპიჩმენტს. შესაძლოა ტრამპისთვის სხვა ბრალდებების წაყენებაც, მაგალითად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის თაობაზე.

საჯარო მოსმენა გამოძიების ახალი ეტაპია. ერთ თვეზე მეტია, კომიტეტში მოწმეებთან საუბარი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ტრამპი და მისი მომხრე რესპუბლიკელები დემოკრატებს მიკერძოებულობასა და პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოქტომბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, მიიღო რეზოლუცია, რომელიც იწონებს გამოძიების ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის - საჯარო მოსმენების გამართვას.

ოთხშაბათს საჯარო ჩვენებებს იძლევიან უილიამ ტეილორი, რომელიც ამჟამად უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს, და ჯორჯ კენტი - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. ორივემ უკვე მისცა დაზვერვის კომიტეტში ჩვენებები დახურულ კარს მიღმა.

დემოკრატები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ტეილორის ჩვენებებს, რომელიც კერძოდ აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები მის პირად იურისტ რუდი ჯულიანისთან ერთად მოითხოვდნენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას განეახლებინა გამოძიება უკრაინაში ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის საქმიანობის შესახებ. დემოკრატების თანახმად, ტრამპის გარემოცვა კიევზე ზეწოლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას იყენებდა.

პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დემოკრატები მასთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწევიან.

ესპანეთის პოლიცია ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს

უგო კარვახალი (მარცხნივ). ფოტო ესპანეთშია გადაღებული 2019 წ. 16 სექტემბერს.

ესპანეთის პოლიციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, უგო კარვახალს. მანამდე ესპანეთის სასამართლომ მიიღო აშშ-ისთვის კარვახალის ექსტრადირების გადაწყვეტილება. აშშ-ში მას ბრალად ედება ნარკოტრაფიკის ორგანიზება. კარვახალი ამ ბრალდებებს უარყოფდა.

აშშ-ის ხელისუფლებას ასევე იმედი აქვს, რომ მისგან შეძლებს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი გარემოცვის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ იანვარში ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, კარვახალმა მას მხარი დაუჭირა. ამისთვის მადურომ მას გენერლის წოდება ჩამოართვა და ღალატში დაადანაშაულა.

ბაქრაძე: დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ ისრები ოპოზიციისკენ არ გადმოიტანონ

დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია მმართველი პარტიისგან შეურაცხყოფას, მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს ითმენს იმისთვის, რათა მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება არ ჩააგდონ:

„დღესაც კიდევ ერთი დღე მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის მიეცეს საბაბი, რომ ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს, თითქოს ეს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება. ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე.

ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იქნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამას ვიტყვი დღეს მხოლოდ და ხვალინდელ კენჭისყრას დაველოდები“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

„პასუხისმგებლობა მთლიანად მათ მხარესაა. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობის გაზრდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. იგი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რიცხვი „ნაციონალური მოძრაობის“ „პროვოკაციული გამოსვლების“ ფონზე გაიზარდა:

„ეს ფაქტია და ჩემი გამოგონილი არ არის. მეც ვითხოვე დღეს ტრიბუნიდან, მოდით, დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას, დემაგოგიასა და პროვოკაციებს.

საუბრები, რომ მაჟორიტარებს თავისი სუბიექტური ინტერესები აქვთ, ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, არის დამაზიანებელი, უფრო აღიზიანებს მათ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მერე რა, რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის, აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

საია მოუწოდებს დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შერეულ საარჩევნო სისტემას ქართული დემოკრატიის განვითარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. ორგანიზაცია პარლამენტის დეპუტატებს საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას შეახსენებს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას.

„ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა ისრაელიდან ექსტრადირებული რუსეთის მოქალაქე ალექსეი ბურკოვი

ისრაელიდან აშშ-ში ექსტრადირებული რუსეთის მოქალაქე ალექსეი ბურკოვი 12 ნოემბერს წარდგა ფედერალური სასამართლოს წინაშე ვირჯინიის შტატში, სადაც მას ბრალდებები ჰქონდა წაყენებული. როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, 29 წლის ბურკოვს ბრალი ედება თაღლითობაში, პირადი მონაცემების მოპარვაში, ფულის გათეთრებასა და კომპიუტერული სისტემების გატეხვაში, ასევე გარიგებებში ამ დანაშაულებების ჩასადენად. მას 80 წლით პატიმრობა ელის.

პარასკევს გაიმართება სასამართლო ბურკოვისთვის აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.

პროგრამისტი ბურკოვი, რომელიც ტიუმენსა და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, 2015 წელს აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს თელ-ავივის აეროპორტში. 10 ნოემბერს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბურკოვის აპელაცია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-ისთვის მის გადაცემას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის მხრიდან პროტესტის მიუხედავად.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმა შეეფარდათ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 11 ნოემბერს დაკავებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუკავებიათ კიდევ ორი მოქალაქე, თბილისელი დავით მიშელაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. ლენინგორის რაიონის სოფლების, ახმაჯის და ორჭოსანის მიდამოებში დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს, რამაზ ზადიშვილს და დავით მიშელაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა და ისინი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან გააძევეს.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

სომხეთში არ განიხილეს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტი

სომხეთის პარლამენტმა უარი თქვა ერთ-ერთი პარტიის ინიციატივით მომზადებული პროექტის განხილვაზე, რომელიც პირდაპირ კრძალავს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას ამ კავკასიურ სახელმწიფოში. კანონმდებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია „აყვავებული სომხეთის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება სრულიად ზედმეტია, როდესაც კონსტიტუციით ქორწინება ისედაც არის განსაზღვრული, როგორც კავშირი „ქალსა და მამაკაცს“ შორის.

კანონპროექტის თანაავტორია დეპუტატი გევორქ პეტროსიანი, რომელიც წარსულში ხშირად გამოხატავდა ანტილგბტ განწყობებს. იგი ითხოვდა, რომ კანონმდებლებს „ოჯახის კოდექსში შეეტანათ დებულება, რომელიც პირდაპირ აკრძალავდა ერთი და იმავე სქესის მქონე პირებისა და ტრანსგენდერების ქორწინებას“.

დეპუტატმა, რომელიც ასეთ შესწორებას ეროვნული უშიშროების საკითხად მიიჩნევს, კოლეგებს დაუსვა რიტორიკული შეკითხვა: „ისურვებდით თუ არა ამ ინიციატივის მოწინააღმდეგები, რომ ეს თქვენ ოჯახებში ხდებოდეს?“. პეტროსიანის პათოსმა გააღიზიანა სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, რომელმაც დეპუტატს მოუწოდა თავი დაენებებინა საკითხის „პერსონიფიცირებისთვის“, - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დანიშნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა პირველად გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.

„პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება დღეიდან პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება“, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა ლევან იზორიამ თქვა.

როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ამბობს, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

„პრემიერის დავალებით დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ასევე, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შოთა დიღმელაშვილი: თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, პროპორციული არჩევნების კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცირკს დგამს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

„მთელი ეს დღეები იდგმებოდა ცირკი. ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ გვართმევენ არჩევანის თავისუფლებას. თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც მოსახლეობას პარლამენტის წინ გამოსვლისკენ მოუწოდებს. აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები დღეს, 13 ნოემბერს, 19 საათზე აპირებენ პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას.

აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის უნდა ეყარათ კენჭი. „ქართულმა ოცნებამ“ დღის სამ საათზე მიიღო გადაწყვეტილება, კენჭისყრა ხვალისთვის გადაეტანა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა.

თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

ირაკლი კობახიძე: დავინახეთ რისკი, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ დაინახა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის რისკი და ამიტომ გადადო კენჭისყრა:

„რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება საშუალება შეკრების და განხილვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.

დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ 1 საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ჯამში ჩაგდების წინაპირობას. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრის გადადების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

ჩეხური ორგანიზაცია "ადამიანი გასაჭირში" რუსეთმა არასასურველთა სიაში შეიტანა

შიმონ პანეკი

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანი გასაჭირში“ (People in Need) რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა ისეთ ორგანიზაციათა სიაში, რომელთა საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ითვლება.

სამინისტროს საიტზე 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ეს გადაწყვეტილება 7 ნოემბერს იქნა მიღებული.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ორგანიზაციამ „ადამიანი გასაჭირში“ განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს საქმიანობას რუსეთში, რათა არ შეუქმნას პრობლემები რუს პარტნიორებს.

„ვლადიმირ პუტინს სურს რკინის ხელით მართოს რუსეთი. რუსეთის ბევრ მოქალაქეს არ სურს ამასთან შეგუება და ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ რუსეთში უკეთესად ეცხოვრებოდეთ. ჩვენ მათ ვეხმარებით ამაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ ფეისბუკის გვერდზე.

იგი გახდა მე-19 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა არასასურველთა სიაში შეიყვანა.

ივლისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council of the United States) საქმიანობა მიიჩნია არასასურველად რუსეთის ტერიტორიაზე.

ამ სიაში შედიან ასევე „ღია რუსეთი“, „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტი“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესი“.

ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი გასაჭირში“ (PIN), რომელსაც სათავეში უდგას ვაცლავ ჰაველის თანამებრძოლი, შიმონ პანეკი, რამდენიმე სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოშიც.

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც მოთავემ, ბიძინა ივანიშვილისგან უკმაყოფილება მივიღე

დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრა დღეს რომ ჩატარებულიყო, ის აუცილებლად ჩავარდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრის გადადების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა დღეს მეტია, ვიდრე გუშინ იყო. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, წინასწარ პროგნოზს იგი არ აკეთებს:

„ხვალინდელზე ვისაუბროთ ჯერ უმრავლესობაზე და შემდეგ დარბაზში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მან დაადასტურა, რომ 13 ნოემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობის მოთავემ, უკმაყოფილება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. იგი ამბობს, რომ იყო „ცხელი საუბრები“ გუნდის წევრების მხრიდანაც. „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო გადარწმუნების მცდელობა. ეს არის ნორმალური“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონსულტაციები გამართა უმრავლესობის ლიდერთან და ოპოზიციის ხელმძღვანელებთან.

კენჭისყრის გადადება თალაკვაძემ იმით ახსნა, რომ უმრავლესობის შიგნით ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა.

"ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის მიერ კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომაზე გამოცხადებული იყო ტექნიკური შესვენება, რომლის დროსაც უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა. სწორედ მისი დასრულების შემდეგ ითხოვა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ კენჭისყრის გადადება.

როგორც სხდომაზე დაბრუნებულმა ვოლსკიმ თქვა, "ცოტა ხმამაღალი საუბარი" გამოუვიდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გადაულახავი ანტაგონიზმი აქვთ: „გადაულახავი ანტაგონიზმი, გადაულახავი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ მოვინდომებთ“.

გია ვოლსკიმ უმრავლესობის წევრებს შესთავაზა, საკითხის განსახილველად ხვალ, დილის 10 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბონ "ქართული ოცნების" ოფისში.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული საპარლამენტო გამოძიება დღეიდან საჯაროდ წარიმართება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაწყებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც მანამდე დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, დღეიდან საჯაროდ წარიმართება.

აშშ-ის ისტორიაში იშვიათად გამოყენებული და საკმაოდ ხანგრძლივი იმპიჩმენტის პროცედურით უნდა დადგინდეს, გადაამეტა თუ არა პრეზიდენტმა ძალაუფლებას და მოახდინა თუ არა უცხო ქვეყნის, უკრაინის, პოლიტიკურ ლიდერზე ზეწოლა პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმის გამოძიების მოთხოვნით.

საიმპიჩმენტო გამოძიებამ, კერძოდ, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, შეუჩერა თუ არა დონალდ ტრამპმა 390 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაცემა კიევისათვის, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება არ დაიწყებდა გამოძიებას ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ ენერგოკომპანია „ბურისმის“ საქმის გარშემო.

13 ნოემბერს ამერიკელი კანონმდებლობის წინაშე პირველად წარდგება დიპლომატი უილიამ ტეილორი, თეთრი სახლის ყოფილი რწმუნებული უკრაინის საკითხებში, რომელმაც დახურულ კარს მიღმა გამართული მოსმენის დროს, „არასწორი“ უწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასთან საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ჩაბმას.

მაკო გომური: ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს

მაკო გომური

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას „არ გაბედოთ ჩაგდება“ 20 ივნისის ღამით დაზარალებული მაკო გომურიც შეუერთდა. იგი ამბობს, რომ აქციაზე პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, საკუთარი უკეთესი მომავლისთვის მივიდა. მაკო გომური აღნიშნავს, რომ სურს იდგეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყოველთვის მხარში ედგნენ:

„მინდოდა, რომ ჩემი მხარდაჭერაც გამომეხატა და მეგრძნობინებინა მათთვის, რომ ისინი მარტო არ არიან და მე ყოველთვის მათ გვერდით ვიდგები“, - განაცხადა მაკო გომურმა. იგი ვარაუდობს, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება:

„სამი მოთხოვნიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ერთადერთი, რასაც დათანხმდა სახელმწიფო. რეალურად, ეს იყო ხალხის მოთხოვნა, რომელზეც თქვეს, რომ შეასრულდებდნენ. ახლა კი ეჭვის ქვეშ არის, შეასრულებენ თუ არა ამ ყველაფერს. როგორც არის ნათქვამი, "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ, ერთი დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ ამ დაპირებასაც არ ასრულებენ“, - განაცხადა მაკო გომურმა აქციაზე. იგი ფიქრობს, რომ დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ვიცი, რომ ისევ გაგრძელდება აქციები, როგორც იყო 20 ივნისის შემდეგ და მივაღწევთ იგივენაირად შედეგს, რა შედეგსაც მივაღწიეთ და მე ახლა მათი მხარდაჭერით მივიღე დაზარალებულის სტატუსი, ვთქვათ, სულ ელემენტარული და ახლაც მივაღწევთ შედეგს ჩემი აზრით“, - განაცხადა მაკო გომურმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ეკრანი დადგეს, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის სხდომას უსმენენ.

აქციის მონაწილეები კანონმდებლებს აფრთხილებენ, არ ჩააგდონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი და შეასრულონ მიცემული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ვართ იმდენი, რომ ჩავარდება ეს კანონპროექტი

დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ ვართ იმდენი, რომ ჩავარდება ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოწინააღმდგეთა შორისაა.

ხუნდაძემ უმრავლესობას მიმართა, საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენონ და კონსულტაციები გააგრძელონ.

დიმიტრი ხუნდაძემ უარყო, რომ მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან პირადი ინტერესებით, კერძოდ, იმიტომ, რომ პარტიულ სიაში ვერ მოხვდებიან.

რაც შეეხება იმას, რომ თავად არის იმ 93 დეპუტატს შორის, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინეს, ხუნდაძის განმარტებით, ემხრობა ამ სისტემის შემოღებას, თუმცა, მაშინ, როცა სწორი დრო დადგება და ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა იარსებებს.

დიმიტრი ხუნდაძემ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, არის თეორიული შანსი, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს ან პროპრუსულ, ან პრონაციონალურ ძალასთან.

კახა ოქრიაშვილი - მინუს 6 ხმა კანონპროექტს

ფრაქციის „ქართული ოცნება რეგიონული განვითარებისთვის“ სახელით დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ 6 წევრისგან შემდგარი ფრაქცია კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, რომ ეს საარჩევნო სისტემა არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანონპროექტს. მინუს 6 ხმა და თქვენც მოგიწოდებთ გააკეთოთ იგივე“, - მიმართა კახა ოქრიაშვილმა დეპუტატებს.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა ისრაელის იერიშის დროს

ღაზის სექტორიდან გამოსროლილი რაკეტის აფეთქება

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე 13 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა, რითაც 12-მდე გაიზარდა ისრაელის სამხედრო ძალების სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

ერთი დღით ადრე, ირანის მიერ მხარდაჭერილი პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა ისრაელის მიერ 12 ნოემბერს განხორციელებული იერიშის შედეგად ღაზის სექტორში.

ექსტრემისტების ერთ-ერთი წამყვანი მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა, ისრაელის თანახმად, ხელმძღვანელობდა საზღვრის მახლობლად მოწყობილი თავდასხმების სერიას და სამომავლოდ დაგეგმილი ჰქონდა არაერთი იერიში.

ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის ტეირტორიაზე, დასახლებულ პუნქტ გენ-იავნესთან გამავალ ავტომაგისტრალის მახლობლად აფეთქდა, მაგრამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შურისძიების მიზნით, პალესტინელმა ექსტრემისტებმა ბოლო დღეების განმავლობაში 200-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს ისრაელის მიმართულებით. პასუხად ისრაელმა არაერთი საავიაციო იერიში განახორციელა ღაზის სექტორში ექსტრემისტების ობიექტებზე. დაიღუპა 8 პალესტინელი.

ძალადობის მორიგი ტალღის შესაჩერებლად კაიროში ელოდებიან გაეროს წარგზავნილს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ნიკოლა მლადენოვს, რომელიც, „როიტერსის“ ცნობით, დაპირისპირებულ მხარეებთან აპირებს შეხვედრებს.

ხუნდაძე შერეული სისტემის შენარჩუნების და მაჟორიტარების რამდენიმე ოლქში დაყენების მომხრეა

დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს, თუმცა მხოლოდ იმ ოლქებში დააყენოს საკუთარი კანდიდატურები, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსები.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ამ ნაბიჯით მმართველი პარტია შეძლებს გაფანტოს ეჭვი, რომ მას კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს:

„ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა და არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ამ ნაბიჯით გავფანტოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ჩვენ ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების ანდა კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვისახავთ მიზნად. შედეგად, საზოგადოებისათვის მიცემული დაპირების შესაბამისად, გზა გავუხსნათ პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, მათ შორის, კოალიციურ მმართველობაში, თუ ასეთი რეალობა დადგა.

დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამგვარად ორგანიზების პირობებში ბევრად იზრდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დამარცხების ალბათობა, რადგან ამ უკანასკნელებს, სინამდვილეში, არ გააჩნიათ ხალხის არავითარი პერსონალური ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამიტომ ილტვიან ასე გამალებით პროპორციული სისტემისკენ, რათა ლამაზ დასახელებებს ამოაფარონ საკუთარი სისხლიანი წარსული და სახე“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე. იგი ფიქრობს, რომ მისი ეს ინიციატივა ეფექტიანად მოემსახურება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა მრავალფეროვნების იდეას ისე, რომ არ „ვახეიროთ ნაცები“. ამ მიზნისთვის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, არც ხალხისთვის მიცემული პირობის უკან წაღებაა პრობლემა:

„აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან, სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ "ნაციონალური მოძრაობა", - წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

როგორც დეპუტატი ამ ვრცელი მიმართვის დასაწყისში აღნიშნავს, მიმართვა მან თანამოაზრეებთან ერთად მოამზადა და უმრავლესობის სხდომას წარუდგინა. სხდომამ, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზება არ გაითვალისწინა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG