Accessibility links

ანაკლიაში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩადის


ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ამსახველი ფოტოსტენდი ანაკლიაში

დღეს ანაკლიაში ჩავა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ელიორ განიევი ხელმძღვანელობს. უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობის მიზნით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი აქვთ ბევრ ქვეყანაში. ახვლედიანის შეფასებით, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის პორტი არამხოლოდ დასავლელი პარტნიორებისთვისაა მნიშვნელოვანი.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერს პორტის მშენებლობის ადგილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები დაათვალიერებინებენ.

ანაკლიაში გამგზავრებამდე, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ფოთის ნავსადგურს ეწვია.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 23 ოქტომბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ მეორე დღეს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოტენციური ინვესტორები, ზოგადად, ჩადიან და ათვალიერებენ არა მხოლოდ კონკრეტულად ანაკლიას, არამედ შავიზღვისპირეთს.

„პირველ რიგში, ფოთის პორტში ჩადიან. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გამორჩეული ლოგისტიკური ობიექტი არის ფოთის პორტი, რომელიც ტრადიციულად ამუშავებს ტვირთებს. ინვესტორებს აქვთ ინტერესი, რომ განავითარონ იქ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ასევე, ახალი პროექტია ფოთის პორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და იქაც არის პერსპექტივები, რომ ინვესტიცია ჩაიდოს. მაგრამ, რასაკვირველია, ანაკლია არის ინვესტორებისთვის ყოველთვის ყურადღების ცენტრში. ეს არის ის პოტენციალი, რომ მათი ჩამოტანილი ტვირთები უკვე გადამუშავდეს ღრმაწყლოვანი პორტის პირობებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პოტენციურ ინვესტორებს აინტერესებთ, თუ სად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი, როგორი იქნება პორტი და მთავრობაც მზადაა, რომ მათ ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG