Accessibility links

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს დიდი ჰესების მშენებლობას


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა აუცილებელია, რადგან სწორედ ეს არის ქვეყნის საბაზისო სიმძლავრე.

23 ოქტომბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ მსვლელობისას, ჟურნალისტებმა თურნავას ჰკითხეს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერსპექტივაზე.

„ენერგეტიკა კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად საინვესტიციოდ. ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა და ბაზრის დერეგულაციის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. გაიხსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და მცირე ჰესებში, სხვა ტიპის განახლებად სადგურებში უფრო მეტი ინტერესი აქვთ ინვესტორებს, რომ ჩადონ თანხები. მაგრამ კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ვითარდება რამდენიმე მსხვილი პროექტი, პირველ რიგში, „ნამახვანი“, რომლის ინვესტორები ფორუმშიც მონაწილეობენ: „მივიწევთ სამშენებლო ნებართვის აღებისკენ და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას“.

ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მსხვილი საფუძველი უწოდა „ნენსკრაჰესს“ და თქვა, რომ „იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები. მიდის ახლა პროცესი ახალი კონტრაქტორის შერჩევის და გრძელდება ჭუბერში ახალი სამუშაოები დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. ეს არის ხიდები, გზები, ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა შარშანდელი წყალდიდობის შემდეგ“.

სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე ჰესის ასაშენებლად საქართველოს „საპარტნიორო ფონდმა" და კორეულმა კორპორაცია „ქეი უოთერმა“ 2015 წელს შექმნეს კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“. მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოებისთვის შერჩეულმა იტალიურმა კომპანია „სალინიმ“ პროექტი 2018 წელს დატოვა. იმავე წლის ივლისში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჰესის მშენებლობის ადგილს, ჭუბერს.

ბოლო წლებში სვანეთის მოსახლეობამ და გარემოს დამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს „ნენსკრაჰესის“ პროექტის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG