Accessibility links

აშშ-მა მიიღო როდჩენკოვის აქტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს სადოპინგო გარიგებებისთვის


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო როდჩენკოვის აქტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს საერთაშორისო სადოპინგო გარიგებებისთვის. დოკუმენტს სახელი ეწოდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის პატივსაცემად, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი გახდა.

კანონი ითვალისწინებს მილიონ დოლარამდე ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ათ წლამდე ვადით. ასეთი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ სქემების მონაწილეთა მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დოპინგის მეშვეობით საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე გავლენის მოხდენას.

თავად როდჩენკოვმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლამ ახალ ეფექტიანობას მიაღწია.

გრიგორი როდჩენკოვი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმალება, 2016 წელს მოუყვა The New York Times-ს, რომ ეფ-ეს-ბე-ს მიერ აწყობილი სქემა ითვალისწინებდა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სადოპინგო სინჯების გაყალბებას, რათა დაეფარა რუსეთის ნაკრების სპორტსმენთა მიერ დოპინგის გამოყენების პრაქტიკა. მოგვიანებით, ორმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ კრემლმა ააწყო სპორტში დოპინგის გამოყენების სისტემა.

რუსეთმა აღიარა ქვეყანაში ანტისადოპინგო სისტემის მარცხი, მაგრამ უარყოფს სპორტსმენების სინჯების გაყალბებაში სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG