Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია - პატივს ვცემთ წინადადებას, რომელიც შესაძლო სანქციების დაწესებას ეხება


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრა, თან ერთხმად, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიულ პარტნიორთან. საქართველოს მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს აქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს:

„აქვე მინდა აღვნიშნო ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში, შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი ამ აქტის და ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამერიკის მხარდამჭერი აქტი არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს ხაზი იგივე შემართებით, კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გაგრძელდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG