Accessibility links

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტსა და სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს


არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის - სალომე ადეიშვილის მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს:

„პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება შეიცავს პროკურატურის სისტემაში შესაძლო დანაშაულის და კორუფციული თუ სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაციას. ყოფილი პროკურორი მიუთითებს ისეთი დარღვევების შესახებ, როგორებიცაა, ბრალდებულთა მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, შრომითი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროვება, უკანონო სამსახურებრივი ბრძანებების გაცემა და კომპრომატებით მუქარა, შიდა ორგანიზაციული არაეფექტურობა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი და სხვა“, - აღნიშნულია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს „მის ხელთ არსებული კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, სათანადოდ გამოიკვლიოს პროკურატურაში არსებული ვითარება, გენერალური პროკურორისგან მიიღოს ინფორმაცია პროკურატურაში არსებული სავარაუდო სისტემური დარღვევების შესახებ, მოამზადოს დასკვნა და მოახდინოს დარღვევის შესაბამისი რეაგირება“.

გარდა ამისა, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, „შესწავლას და შეფასებას საჭიროებს, ასევე, მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან ცოტა ხანში, 2018 წლის აგვისტოში, შალვა თადუმაძის მიერ პროკურატურაში დაწყებული შიდა რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანობა, გაჟღერებული სისტემური პრობლემების მოგვარებასთან კავშირში“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ეს უწყება არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და პარლამენტს აქვს უამრავი მექანიზმი, რომ დაუსვას გენერალურ პროკურორს კონკრეტული კითხვები და მიიღოს დეტალური ინფორმაცია შიდაორგანიზაციულ რეფორმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ამის გაკეთება შეუძლია პარლამენტს!

ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება შიგნით სისტემაში. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი დაჩაგრული ადამიანია, რომლის შრომითი უფლებებიც ირღვევა და რომლებსაც არათანაბრად ეპყრობიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება პარლამენტის რეაქცია ამ შემთხვევაში“.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ეკა ციმაკურიძე თვლის, რომ სალომე ადეიშვილის „ფეისბუკის“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ამ უწყებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს ტექსტში ჩამოთვლილი სავარაუდო დანაშაულების მიმართ:

„მე ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდეს თავისი სტრატეგია ამ უწყებასთან მიმართებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა სახელმწიფო ინსპექტორს და ამ ფუნქციის ეფექტიანად შესრულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისე, რომ იჯდეს ის კაბინეტში და ელოდებოდეს როდის შეუვა საჩივარი, იმდენად იშვიათია, რომ ადამიანები სისტემის შიგნიდან საუბრობდნენ პრობლემებზე და მით უფრო, დანაშაულებზე“.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა - სათანადო ყურადღება მიაქციოს პროკურატურაში სავარაუდო დანაშაულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო ქვემდებარეობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს პროკურატურაში სისტემურ დარღვევებზე, რაც თავის თავში გულისხმობს ისეთ დანაშაულებს, რომელთა ჩადენა ამა თუ იმ სისტემაში დაშვებული და გავრცელებული პრაქტიკაა და რომელიც სისტემის შიგნით დაფარული და დაუსჯელი რჩება. შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სავარაუდო დანაშაულებრივი პრაქტიკების გამოძიების საჭიროება 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგაც თანაბრად აუცილებელია და აღნიშნული გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG