Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 ქართული ფილმი მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდება


რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ფილმი დაბრუნდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანახმად, ამ ფილმებს შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

„გოსფილმფონდიდან“ საქართველოსთვის ამ ეტაპზე დაბრუნებული 17 ფილმი ძირითადად 1926 წლიდან 1030 წლამდე პერიოდშია გადაღებული. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად მათი შერჩევისას.

ამ ეტაპზე საქართველოში შემდეგი 17 ფილმი ჩამოდის:

  • „მათი სამეფო“ (1928) - რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
  • „ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) - რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  • „გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • „ბელა“ (1927) - რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
  • „გიული“ (1927) - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  • „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) - რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
  • „ნორჩი მფრინავი“ (1928) - რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
  • „ქალი ბაზრობიდან“ (1928) - რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
  • „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) - რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
  • „ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) - რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
  • "საბა" (1929) - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
  • „მონანიება“ (1986) - რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, „მონანიების“ ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, ეს აქამდე ვერ ხერხდებოდა. სამინისტროს თანახმად, „გოსფილმფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება ნიშნავს, რომ მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენება შესაძლებელი გახდება.

„გოსფილმფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ამ შეთანხმების ძალით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისათვის საქართველოში 51 ფილმია დაბრუნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG