Accessibility links

EUMM-ის წარმომადგენლების დაკავებას ცხინვალის დე ფაქტო უშიშროება „საზღვრის დარღვევას“ უკავშირებს


24 ოქტომბერს სოფელ წნელისის შემოგარენში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეებმა დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, - ამ საკითხზე დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განმარტებას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„პრევენციული გასაუბრებისას მათ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღიარეს. თქვეს, რომ შემთხვევით აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე - „გზა აებნათ და დაიკარგნენ“. თუმცა ისინი უახლესი აპარატურით იყვნენ აღჭურვილები: ნავიგაციის მოწყობილობებით, სათვალთვალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ფოტო და ვიდეოაპარატურით“, - აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში. მათ დაკავებულებისა და აპარატურის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა თქვა, რომ მათ მაშინვე გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და ევროკავშირის დამკვირვებლებს მიუთითეს, რომ ასეთი ნაბიჯები დაუშვვებელია, რადგან ამ რაიონში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

„დამკვირვებლების ასეთი ქმედება პროვოკაციულია წნელისში შექმნილი ვითარების განსამუხტად დაგეგმილი ტექნიკური შეხვედრის წინ“, - ამბობს კოჩიევი.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებით, მათი დამკვირვებლები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებს მცირე ხნით ჰყავდათ დაკავებული.

ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით, სადაც მისიის წარმომადგენლები დააკავეს, მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლიათ გადაადგილება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საქართველოს პოლიცია ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ამ ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ძალებმა პირველად 2008 წელს აძვი-არცევის მონაკვეთზე დააკავეს (როდესაც მისია ახალი გახსნილი იყო), მას შემდეგ, 2019 წლის 24 ოქტომბრამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG