Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას ცხინვალის იზოლატორში პატიმართა ცემაზე


საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმართა ცემის და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

განცხადების საფუძველია სოციალური ქსელებით და მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ოკუპირებულ ცხინვალში პატიმართა ცემის შესახებ. სახალხო დამცველს წყაროდ მითითებული აქვს რადიო თავისუფლების ვებსაიტზე 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია.

„სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში”, - ნათქვამია დღეს, 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ, მისი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ცხინვალის ციხესა, თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს და შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა მაქსიმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

„შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან, საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი“.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად. ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დასაშვებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG