Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლალი ფაფიაშვილი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას შეწყალების გადაწყვეტილებები


პრეზიდენტმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ მიიღო შეწყალების კონკრეტული გადაწყვეტილება, - განაცხადა 25 ოქტომბერს პარლამენტის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ლალი ფაფიაშვილმა.

„ეს რადგან მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა, მას ვალდებულება აქედან გამომდინარე არა აქვს... მაგრამ თუ იქიდან გამოვალთ, რომ პრეზიდენტი არის ხალხის მიერ არჩეული და, იმავდროულად, ის ხალხის მონაწილეობის უზრუნველმყოფელია, ანუ ხალხის უშუალო მონაწილეობით არჩეული პირია, ამ შემთხვევაში, ის ანგარიშვალდებულია, რა თქმა უნდა, მოსახლეობის წინაშე და მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია... უნდა აუხსნას, როგორც მინიმუმ, საზოგადოებას - რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების დისკრეციულ უფლებასთან დაკავშირებით კანდიდატს შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემ.

„ამ უფლებამოსილების (შეწყალების) განხორციელება, ბუნებრივია, პრეზიდენტის დისკრეციაა... აქვს თუ არა ვალდებულება პრეზიდენტს, ახსნას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები? თქვენ როგორ ფიქრობთ?“, - ასეთი იყო გუგუაძის მიერ დასმული შეკითხვა.

ფაფიაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება დისკრეციასთან დაკავშირებით, სადაც ახსნილია ანგარიშვალდებულების საკითხი.

„იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება... არა მარტო ობიექტური კრიტერიუმები უნდა იყოს გაწერილი, არამედ სუბიექტური კრიტერიუმითაც კი, როცა იღებ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას, ნათელი უნდა იყოს გზა, რომლითაც მიდიხარ შესაბამის გადაწყვეტილებამდე.

შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, რომ ეს იყოს აბსოლუტურად განსაზღვრული და განჭვრეტადი... თუმცა დღევანდელი საკანონმდებლო რეგულაციის ხიბლი სავარაუდოდ არის ის, რომ პრეზიდენტს, სხვა საკანონმდებლო რეგულაციებისგან გამოყოფით, აქვს ამ რეგულაციებისგან გვერდის ავლით, თავისი სუბიექტური შეხედულებებით, რაღაცა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

25 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. ის უკვე მე-14 კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 2008-2017 წლებში ის იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში ის იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2004-2007 წლებში ის იყო პარლამენტის წევრი;
  • 1998 წლიდან დღემდე ის ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
  • 1996-2004 წლებში ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე.

ლალი ფაფიაშვილი 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მაშინ ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციანი სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG